ცნობილი ესპანური გამოცემა „Vinos Y Camino“ მსოფლიოს უდიდეს გასტრო კონგრესზე Madrid Fusión საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.
„ქართული ღვინის წარმოება 8000-წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ საქართველო ღვინის აკვანია. მეღვინეობა საქართველოს 9 რეგიონს მოიცავს, თითოეული კუთხე განსხვავებულია კლიმატით და ნიადაგით. საქართველოში ვაზის 525 ჯიშია. რაც შეეხება ქართულ გასტრონომიას, ის მოიცავს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას, მისი სიმბოლოა სუფრა მრავალფეროვანი კერძებით, რომლის ირგვლივაც მსხდომი ადამიანები სადღეგრძელოებს ამბობენ და მღერიან“, – წერს „Vinos Y Camino“.
სტატიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტურისტული ადგილების აღწერასაც:
„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს. საქართველო მდიდარია ტურისტული ადგილებით. აქ ნახავთ ორი ათასს მინერალურ წყაროს, 12 ათასზე მეტ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, ტყეებს, დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკებს. საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობა, ცხენოსნობა, სპორტული თევზაობა და სხვა აქტივობები“.
შეგახსენებთ, გასტრო კონგრესზე Madrid Fusión, რომელიც წელს 29-31 იანვარს ჩატარდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.