LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა

166
ახალციხის ჰესი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან გუდნი იოჰანესონთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია.

ახალქალაქის ჰესი, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია.

„ახალქალაქის ჰესის პროექტი ის მაგალითია, რომელიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ იმისთვის, რომ ენერგეტიკული პროექტები, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ახალქალაქის ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. 

ლევან დავითაშვილის თქმით,  ისლანდიური ინვესტიციით აშენებული ჰესი საინტერესოა არამხოლოდ იმით, რომ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტს წარმოადგენს, არამედ იმითაც, რომ მის ფარგლებში არაერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ჰესის მიმდებარე დასახლებებისთვის ინვესტორმა კომპანიამ სატუმბო სადგური და სპორტული დარბაზი მოაწყო, მოაწესრიგა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა, მონაწილეობა მიიღო შიდა გზების მშენებლობაში და სხვ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისას სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი ნორმები.

„ვფიქრობ, თანამშრომლობა, რომელიც ისლანდიასთან ენერგეტიკულ სექტორში გვაქვს, უნდა გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ ისლანდიურ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიების მიმართულებით საქართველოში კიდევ ვიხილავთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ისლანდიის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ისლანდიას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით. ასევე ხაზი გაესვა, რომ ამ მიმართულებით საქართველო და ისლანდია წარმატებით თანამშრომლობენ და ამ ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის ინტერესი აქვთ, მითუმეტეს, იმ ენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, რაც საქართველოს გააჩნია არამხოლოდ ჰიდროენერგეტიკის, არამედ განახლებადი წყაროების მიმართულებითაც.

ახალქალაქის ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანიასთან HYDRO ENERGY-სთან ერთად.

LANDSVIRKJUN ენერგიის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს ისლანდიაში და მისთვის ახალქალაქის პროექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა. LANDSVIRKJUN ფლობს და ოპერირებას უწევს 15 ჰიდრო და 3 გეოთერმულ ელექტროსადგურს ისლანდიაში, დაახლოებით, 2200 მეგავატი დადგმული სიმძლავრით.

magti 5g