LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაარჩინა თბილისის მეტროში აფროამერიკელმა გულწასული ქალი – საინტერესო ამბავი გოგა ჩანადირისგან

24

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საინტერესო ამბავს იხსენებს, რომელსაც მეტროში თავად შეესწრო.

„ვიჯექი მშვიდად და წიგნს ვკითხულობდი. მეტროს მატარებლის ჩაქჩაქიც კი იავნანასავით ჩამესმოდა. სადგურებზე კარი რომ გაიღებოდა, შეიძლება, გამეხედა, რომ სასურველი გაჩერება არ გამომპარვოდა. ამ დროს თვალს მოვკრავდი ხოლმე მოპირდაპირედ, დიაგონალურად მჯდარ აფროამერიკელს. მგონი, ყურსასმენიც ჰქონდა გაკეთებული. ის კი შევნიშნე, რომ ვეებერთელა ზომის ბოტასი ეცვა.

წიგნს რომ ჩავხედავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. ის იყო, მატარებელი „მარჯანიშვილზე“ შევიდა და წიგნიც გადავფურცლე, რომ დავინახე, ეს დიდი ბოტასები როგორ სწრაფად წამოიმართა და კარისკენ გავარდა. თვალი გავაყოლე. ჯერ გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ეს რა სიმაღლის კაცია მეთქი და დავინახე კიდეც, ხალხის გროვაში როგორ ჩაიხარა. ვითარება ჩოჩქოლად შევაფასე და მატარებლიდან სასწრაფოდ გამოვედი.

ძირს დავარდნილი ქალი დავინახე. აფროამერიკელმა ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა.

ბნედა აქვსწამოიძახა ვიღაცამ.

უცხოელი გრძელი და დახვეწილი ხელებით ძლიერად ცდილობდა პირის გაღებას. ნაქსოვქუდიან გოგონას ბოთლში წყალიც აღმოაჩნდა და ყურების დაზელვა დაუწყო.

ქალი გონს მალე მოეგო. ჯერ თვალები აქეთიქით ატრიალა. მგონი, იმის თქმა უნდოდა, სად ვარ, ან რა ხდებაო. მერე ოდნავ წამოიწია, დაინახა მოღიმარი უცხოელი და ქართულად ჰკითხა:

კარგად ვარ?

ქი, დეიდა, ქარგად ხარ. მანაც ქართულად უპააუხა.

შვილო, ვინა ხარ?

სამუელი.

დედა გიხუტებდეს შვილო, რა ეროვნებისა ხარ?

დეიდა, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს? უთხრა მან, წამოდგა და ფართო ღიმილი გაისწორა.

გრძელი ბოტასები უკვე მშვიდად შევიდა ხელახლა ჩამომდგარი

მატარებლის ვაგონში

ადამიანისთვის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?“ – წერს გოგა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები