„ეს ისეთი ბრძოლა იყო – გინდ დიდგორის ველზე გიომია, გინდა აწყურთან და გინდა ასპინძის ველზე – ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ“, – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა ისაუბრა გადაცემაში „მე-17 სართული“, რომელიც ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიეძღვნა.
დათო ტურაშვილმა ასევე განმარტა, რა მიზეზის გამო ვერ შეძლო „დინამო არენაზე“ წასვლა და თამაშზე დასწრება:
„ამ თამაშის ბილეთი ზაზა ბერიძემ მაჩუქა, მაგრამ ვერ წავედი – გამახსენდა, ბავშვობაში, სტადიონზე ვინც განცდებისგან ცუდად ხდებოდა, სასწრაფო რომ შემოდიოდა, ექიმები ტრიბუნაზე ვერ ადიოდნენ და მათ შეუძლოდ მყოფ ადამიანს გადააწვდიდნენ ხოლმე. ვიფიქრე, მეც ასე მომიწევს-თქო…
წაგების შემთხვევაში ნაღდად სასწრაფო წამიყვანდა, მოგების შემთხვევაშიც.. მივხვდი, რომ შანსი არ მაქვს, სტადიონზე წავიდე.
გამარჯვება მოწყურებული გვქონდა.. აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით, მგონია რომ ეს ნამდვილად დავისამხურეთ“, – აღნიშნა დათო ტურაშვილმა.
გამარჯვების ანატომია | დატო ტურაშვილი"ეს გამარჯვება გვწყუროდა", — დათო ტურაშვილი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე
Posted by მე-17 სართული on ორშაბათი, 01 აპრილი, 2024
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა, 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქერთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.