აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. ამჟამად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Katowice International Fair – GLOB 2017” წარადგინა.
აჭარის სტენდთან პოლონელი ვიზიტორები რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობების შესახებ. გამოფენაში დეპარტამენტი სილეზიის სავოევოდოს სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით შეხვდნენ პოლონეთის ტურიზმის პალატის თავმჯდომარესა და პალატის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის რეგიონს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით არიან დაინტერესებულები. ისინი ასევე შეხვდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც საქართველო-პოლონეთის მიმართულებაზე გეგმავენ მუშაობას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის პოლონეთი აქტიური ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანები 2013 წლიდან ხორციელდება. წლის განმავლობაში დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარას პოლონეთის სამ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევენ პოპულარიზაციას. გასულ წელს, რეგიონს პოლონეთიდან 11 975 ტურისტი სტუმრობდა.