LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა ტურისტების მისაღებად ემზადება – რა სიახლეებით დახვდება რეგიონი ვიზიტორებს

43
162126593-881199829280973-3846353216850124330-n

კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ სფეროდ აქცია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის თებერვალში საქართველოს სულ 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ეს კი 2020 წლის თებერვალთან შედარებით 89.5%-ით ნაკლებია.

„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, როგორ ცდილობს ქვეყანა უარყოფითი სტატისტიკის გამოსწორებას და რა აქტივობებია დაგეგმილი ტურიზმის სექტორის აღსადგენად.

ამჯერად აქცენტი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონზე-აჭარაზე გავაკეთეთ.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, 2021 წელს მთავარი აქცენტი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაზე ასევე შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე გაკეთდება.

როგორც კაიკაციშვილმა საუბრის დაწყებისას განაცხადა, ამ ეტაპზე აჭარა მხოლოდ შიდა ვიზიტორებს იღებს.

„ამჟამად რამდენიმე სასტუმრო მუშაობს აქტიურად, არიან შიდა ვიზიტორები. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი ბიზნესოპერატორები, ტურისტული სეგმენტი, განთავსებისა და კვების ობიექტები ზედმიწევნით კარგად იცავენ რეგულაციებს და შესაბამისად, ამ რეგულაციების დაცვით ახერხებენ ოპერირება მოახდინონ ამ რთულ პერიოდში-საუბარი მაქვს მხოლოდ შიდა ვიზიტორებზე.“

თამარ კაიკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის დეპარტამენტი ამჟამად ახალ პროექტებზე მუშაობს: მიმდინარეობს მთების, ტყეების, ტურისტულად აქტიური საინტერესო სოფლების ათვისება.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პანდემიის პროცესშიც არ გაგვიჩერებია მუშაობა, რომელიც ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე აქცენტირებას. აქედან გამომდინარე, რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, ეს იყო ახალი საპიკნიკე ადგილების და ტურისტული თავშესაფრების მოწყობა, რომელთა ნაწილიც უკვე დასრულებულია და ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ახალი ბილიკები გაიჭრა, ხდება მათი აქტიური მარკირება.

ეწყობა ველობილიკი, რომელიც დაახლოებთ 6-კილომეტრიანია. ეს ექსტრემალური ველო-ტურისტებისათვის იდეალური შესაძლებლობაა, ახალი პროექტია, რომელიც ხევისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

იგეგმება ხიხანის ციხეზე ბილიკის მოწყობა, ყველა იმ რეგულაციის დაცვით რაც უსაფრთხოებას უკავშირდება.

დაწყებული გვაქვს მთების, ტყეების, ტურისტულად აქტიური საინტერესო სოფლების კვლევა, ნაწილი კი უკვე განხორციელდა.

ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ეს მიმართულება გაშლილი, იქნება ეს მაღლმთიანი აჭარა, თუ ზღვისპირა რეგიონები. ჩართულია ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი, შუახევი, რომელიც უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის მატარებელია.

ვცდილობთ, რომ უმნიშვნელო ტურისტული პოტენციალის მატარებელი ადგილიც კი არ დავტოვოთ ყურადღების მიღმა.

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ფორტუნას“ ეთერში დააანონსა, რომ როგორც შიდა ტურისტებს, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს აჭარის რეგიონში ბევრი სიახლე ელით.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ აგრესიულ კამპანიას საერთაშორისო ბაზარზე, „ბიბისი“ „სიენენი“ „დოიჩე ველე“ – ამ მსხვილი საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით გავდიოდით ძალიან დიდ აუდიტორიაზე, მაგრამ ეს მარკეტინგული კამპანია მხოლოდ პანდემიის გათვალისწინებით შეიძლება დაიგეგმოს, ჩვენ ძალიან აქტიურად და ფრთხილად ვუყურებთ ამ სიტუაციას.

შიდა ტურიზმის კუთხით გვაქვს რამდენიმე პროექტი, ეს სიურპრიზად გვინდა დავტოვოთ იმიტომ, რომ ის თემები, რომლებსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ რამდენიმე კვირაში იქნება ძალიან სახალისო, ინფორმაციულად დატვირთული, მორგებული ყველა ასაკზე, ყველა კატეგორიაზე, რომელსაც სურს აჭარაში ჩამოსვლა, მოგზაურობა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ბათუმი ახლებურად წარდგება შიდა ვიზიტორების წინაშე, ბევრი ტურისტული პროდუქტით.

აღსანიშნია ის, რომ საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით, ისევე როგორც შიდა ტურიზმის კუთხითაც აქცენტირება გადატანილი იქნება ინდივიდუალურ ტურიზმზე, მწვანე სივრცეებზე, რომელიც აჭარაში უხვად მოგვეპოვება და ეკოტურიზმის მიმართულებებზე.

ამ მხრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავააქტიუროთ კულინარიული მიმართულება, ღვინის ტურიზმის მიმართულება, ასევე ეკო და სოფლის ტურიზმის მიმართულებები.

იმ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც არის ზღვის მიღმა აჭარაში გამოყენება სჭირდება.“-აღნიშნა თამარ კაიკაციშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g