აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ავარიას ემსხვერპლა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
“მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეულად პოზიტიური ადამიანის, ჩვენი გუნდის წევრის თეა ვადაჭკორიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ჩვენს ქალაქს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დააკლდა ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა სიკეთის კეთების ნიჭით და პროფესიონალიზმით.
ვიზიარებ თეას ოჯახის, კოლეგების, მედიის წარმომადგენლების, მეგობრების დიდ ტკივილს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პირებს, მათ შორის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 15 მარტს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდნენ აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად თეა ვადაჭკორია დაიღუპა.
ცნობისთვის, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის აჭარის განათლების მინისტრი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.