აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Katowice International Fair – GLOB 2016” წარადგინა.
როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენელი სილეზიის სავოევოდოს სპეციალური მოწვევით 18- 20 მარტს იმყოფებოდა. პოლონეთის სილეზიის სავოევოდოსთან დამეგობრებულ რეგიონებთან ერთად, აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტი პოლონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მეოთხე წელია მონაწილეობს.
„პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, საიდანაც ტურისტული ნაკადი აჭარაში ყოველწლიურად მზარდია. 2013 წლიდან დღემდე რეგიონს 40 000-მდე პოლონელი ტურისტი სტუმრობდა. გასულ წელს რეგიონში პოლონელი ტურისტების 2,8% ზრდა დაფიქსირდა, რაც 13 979 ტურისტს გულისხმობს. მიმდინარე წელს, პოლონეთში ჩვენ უკვე ორ ტურისტულ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და ნოემბერში ვგეგმავთ ვარშავის საერთაშორისო გამოფენაზეც წარვდგეთ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.