LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩი ფურცელაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა: „ჩემდა სამწუხაროდ, აქ დეგრადაციაა…“

94

აჩი ფურცელაძე საქართველოში დაბრუნდა. მართალია, რუსეთშიც დადის, როცა შეკვეთები აქვს, მაგრამ ძირითად დროს თბილისში ატარებს. ახლახან რადიო „ფორტუნაში“ ახალი სიმღერის „იმედის წელი“ პრემიერა შედგა. აჩის ბევრ თემაზე დავუსვით კითხვა.

აჩი ფურცელაძე:

ახალი სიმღერის ტექსტიც და მელოდიაც მე მეკუთვნის. მისი სახელწოდებაა „იმედის წელი“. არანჟირების ავტორია ჩემი მეგობარი, დიმკა თეიმურაზოვი. მიხარია, რომ ამ სიმღერით ვბრუნდები ქართულ რეალობაში. გასაგებია, რომ რუსეთში ახალი ქართული სიმღერები არავის სჭირდება, თუკი „მგზავრებს“ არ ჩავთვლით, რომლებიც ქართულად მღერიან იქაც, ამიტომაც ძირითადად, იქ ცხოვრებისას რუსულად ვმღეროდი.

ექვსი თვის წინ ჩამოვედი საქართველოში, რუსეთშიც ამოვვარდი კალაპოტიდან და აქაც ჯერ ვერ ჩავჯექი. კიდევ ერთ ახალ სიმღერას შემოგთავაზებთ, ქართულენოვანს, თბილისზე. თავად დავწერე, ლექსი დათო ევგენიძეს ეკუთვნის. ვფიქრობ, უკვე მაგარი ტანდემია, ევგენიუსაა (იღიმის). უახლოეს პერიოდში ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებ. არანჟირება მზადაა და ისიც დიმკა თეიმურაზოვს ეკუთვნის. თუ გახსოვთ მისი ნათქვამი „თბილი-სი“, ვთხოვე, კიდევ დაემატებინა კუპლეტები, ჩემზეა, მე რომ ვბრუნდები თბილისში და რომ მომენატრა…

სამ იანვრამდე თბილისში ვარ, შემდეგ თურქეთში გავემგზავრები ერთი კვირით დასასვენებლად, ისევ დავბრუნდები თბილისში, მერე კი მოსკოვში მელოდებიან, გადაღებებია, ელენა ვაენგასთან ერთად სიმღერა ჩავწერე.

ძალიან მინდა რადიო „ფორტუნაზე“ გადაცემის გაკეთება, საინტერესო პროგრამის. იმედია, უარს არ მეტყვიან (იღიმის).

წამყვანობასაც დაუბრუნდები?

ყველაფრისთვის მზად ვარ, იქნება ეს რადიო თუ ტელევიზია, ასევე კონცერტების წამყვანობა. ისე, ალბათ, ვეღარ იქნება, როგორც ადრე იყო, ვგულისხმობ, როცა უთოშიც მე ვჩანდი (იღიმის). 11 წელი რუსეთში ვცხოვრობდი. ერთი თაობა ისე გაიზარდა, რომ არაფერი იციან ჩემ შესახებ. მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვარ და ვახსოვარ. ვინც იცის ჩემ შესახებ, ალბათ, რუსული „ვოისიდან“, ან პატარა სკანდალიდან, რაც ჩემს ინტერვიუს მოჰყვა. ვფიქრობ, ვერ გაიგეს, რისი თქმა მინდოდა… მე რომ რუსების მაგივრად, ბრაზილიელი ქალები მეთქვა, არ იქნებოდა პრობლემა.

ხომ არ ფიქრობ, რომ რუსეთში 11-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ქართულ მენტალიტეტს ცოტა ასცდი?

მენტალურად გასაგებია, რომ დიდი განსხვავებაა. ჩვენ ყოველთვის წინ ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დეგრადაციაა. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო 15 წელია, მენტალურად სხვა გზით მივდივართ, აღზრდას, განათლებას, საუბარს ვგულისხმობ… როგორც ჟურნალისტი, ისე გეუბნები, როცა ვუსმენ ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საუბარს, ყოველი მესამე სიტყვაა  -„ზოგადად“, ყოველი მეოთხე: „ხვდებიი?“. ახალგაზრდებზე გული მწყდება, არ ვკითხულობთ, უწიგნურობაა. რუსეთში კი ეს ყველაფერი ნორმალურადაა. ერთი და იგივე ასაკის ბავშვები რომ გააჩერო, აქ და იქ, – იქ სხლავენ, ისეთი ინფორმაცია მოდის, აქ კი – „მმმ, უუუ…“, ასე ლაპარაკობენ, მაგრამ მეორე მხრივ, ნიჭიერები ვართ, მაგრები ვართ და გვაქვს ძალა, რომელიც გენეტიკურად მოგვსდევს. მუდამ წინ ვიყავით, ყველაზე მეტად არა, მაგრამ მაინც… ახლა კი ძალიან დაბლა ვართ ჩამოსულები, პოლიტიკამ ხალხი გააგიჟა, შური და აგრესიაა…

ახალი თაობა უფრო თავისუფალი არ არის?

არა. ჩვენთან თავისუფლება რა არის? ჯაჭვიდან აწყვეტილებივით არიან. გაგიჟებულები არიან…

ტოლერანტობას ვგულისხმობ ახალი თაობის მხრიდან, სხვადასხვა თემის, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის მიმართ.

აქ ტოლერანტობა?!. კი ბატონო, მაგრამ იქ საერთოდ არ აქვთ პრობლემა.

როგორ არ აქვთ, სახელმწიფო პოლიტიკაა ანტიჰომოსექსუალური…

არის, მაგრამ მთავრობის ნახევარი ასეთია… რა მოხდა მერე? გასაგებია, რომ აღლუმს არავინ უშვებს, მეც ვარ ამისი წინააღმდეგი. არავისი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აღლუმი არ მესიამოვნება. გასაგებია, რაღაც თავისუფლება არის,  აქ იმდენად თავისუფლები და უზრდელები გავხდით და არ ვაკონტროლებთ, რას ვლაპარაკობთ, – ცენზურა დაიკარგა, რაღაც რომ არ უნდა თქვა, ეს აღარ არსებობს. მეორე მხრივ, როცა ადამიანს აქვს აზრი, მისი გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეს, თუნდაც საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე და ამის გამო ლანძღვა არ უნდა დაიმსახუროს. კი ბატონო, დამიწერე, რომ არ მეთანხმები, მაგრამ ნუ გამლანძღავ. სიმართლის თქმა უნდათ და სიტყვების წყობას ალაგებენ, ეშინიათ, ვაიმე, ვიღაც მოისმენს და ვერ გაიგებსო. გიწევს რაღაც ნოტებით საუბარი…

ზუსტად ამას გეკითხებოდი, შენთვის ძალიან შეცვლილია აქაურობა…

ასეც არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარგისკენ. ეს ნეგატივია, რაზეც ვსაუბრობ. როცა ვლაპარაკობ, უაზრო აგრესია მოდის, ყველა ყველას საქმეში იხედება, სხვა ერებს დავცინით. ბევრია „ყველაფერშჩიკი“, ზედაპირულები ვართ, სიღრმე დაიკარგა.

 და მაინც აქ გინდა ყოფნა…

რა თქმა უნდა, მინდა. აქ დავიბადე და გავიზადე. მესმის, 11 წელი დიდი ნახტომია, ერთი თაობა ამოვარდნილია ჩემთვის. მწყდება გული, რომ ჩემი პოპულარობა გარკვეულწილად დაიკარგა, მაგრამ ეს ჩემი ბრალიცაა. ვიღაც მეტყვის, ჩაგეწერა ქართულად სიმღერები და გამოგეგზავნაო, რაშიც ვეთანხმები. თუმცა იქაურობას მოვერგე, იქაური ქუდი დავიხურე, ვმღეროდი იმ ენაზე, რაც მათ ესმოდათ, რომ მერე მეშოვა ფული, რომელსაც დედაჩემს, ხატულას გამოვუგზავნიდი, ის კი სხვა რამდენიმე ოჯახსაც გაუნაწილებდა.

როცა რუსეთში მიყურებენ და ამბობენ, აჩი ქართველია, ქართველები კი ნიჭიერები არიანო, ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. ქართული  სათვისტომოს ხელმძღვანელი, გია წურწუმია ამბობდა, მოსკოვურ შოუბიზნესში აჩი ერთადერთია, რომელსაც შეხედავ და ქართველიაო. დანარჩენები, სოსო და სხვები, მაინც უკვე იქაური შოუბიზნესის ნაწილი არიან. აქ კი მტრად მიმიჩნევენ, მაგრამ მათი აზრი არ მაინტერესებს. ამაზე მაგარს ვერაფერს მოვისმენ, როცა მაქებენ მე, ჩემს ქალაქსა და ქვეყანას.

დღეს, როცა საქართველოში დავბრუნდი, მაქვს სურვილი, ბევრ რამეში ჩავერთო, მაგრამ ვხედავ, ტელევიზიაში დირექტორებად ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც ტელევიზიასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. თავის დროზე კულტურის სამინისტროშიც სწორედ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ფილარმონიასთან ჩავლილი რომ არ ჰქონიათ. მოსკოვში სწორედ იმიტომ წავედი, რომ კარგად ვეღარ ვგრძნობდი აქ თავს. იქ ამბობდნენ, რადგან აჩი ჩამოვიდა, ე.ი. რა ცუდად არის საქმეო, იმიტომ რომ მე აქ ძალიან კარგად ვიყავი, კვირაში სამი კონცერტი მაინც მიმყავდა. 300 დოლარი მინიმუმი იყო, რაც შეიძლებოდა ამეღო. მაინც არ მემჩნეოდა ეს ყოველივე, მაინც ყველაზე იაფიანი მანქანით დავდიოდი (იცინის). ყველას ახსოვს ჩემი პატარა მანქანა. ახლაც გამორჩეული მანქანა მყავს. მაშინ ამბობდნენ, აჩის მაგარი მანქანა ჰყავს და ორი სახლი აქვსო. მცირე თანხებზეც ვთანხმდებოდი, რადგან 13 წლიდან თავად ვინახავდი ოჯახს.

ახალ წელს არსად ვმუშაობ, რუსეთში იციან, რომ აჩი უეჭველი თბილისშია მაგ დროს, აქაც არ ყოფილა რეალური შემოთავაზება და ახალ წელს პირველად ვხვდები სახლში, ხატულასთან ერთად. ძალიან მიხარია. ოჯახში ვიქნები, მერე მეკვლეს მივიღებ, მერე სტუმრად წავალ… ასეთი ახალი წელი პირველად მექნება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g