LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AD BLACK SEA 2025 საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს

109
AD BLACK SEA

რეგიონის მთავარი მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში სამდღიანი პროგრამით ბრუნდება!

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea, 11-13 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

უკვე წლებია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა – სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას იღრმავებენ.

გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორები 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან.

„როგორც ყოველთვის, პროგრამაზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ, შესაბამისად, შევძელით ისეთი ვარსკვლავების მოწვევა, როგორებიც არიან: ბრაზილიელი ფერნანდო მაჩადო – Burger King-ის, Dove-ის თუ Call of Duty ლეგენდარული კამპანიების ავტორი. ფერნანდოს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე ინოვაციურ მარკეტერს მსოფლიოში. Forbes-ის მიხედვით, იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მარკეტერების სამეულშია, Adweek კი მას ბრენდინგის გენიოსს უწოდებს. პორტუგალიელი უგო ვეიგა, რომელსაც უმუშავია ისეთ გლობალურ ბრენდებთან და ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Nike, Google, Tiktok, ლედი გაგა, ელტონ ჯონი და რომელსაც წელს კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდოს, Titanium-ის ჟიურის წევრობა ანდეს. გავიცნობთ სამარ მააკარუნსაც, ლიბანელ-ბრიტანელ დიზაინერს, რომელიც ლეგენდარული დიზაინ სტუდიის Pentagram პარტნიორია. ასევე გავეცნობით წლევანდელი ოსკაროსანი ანიმაციის FLOW-ს შექმნის ისტორიას.

UN WOMEN-თან პარტნიორობით შევძელით პროგრამის ნაწილი გამხდარიყო ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი რებექა რაუნთრი, რომელმაც გაგვიზიარა, რომ მსოფლიოს AI პროფესიონალებიდან მხოლოდ 22%-ია ქალი.

თიბისი ბანკთან ერთად, ტრადიციულად, ვუმასპინძლებთ არაერთ საინტერესო სესიას, მათ შორის 25 წლიანი გამოცდილების მქონე ტიმ ლიქის გამოსვლას კოლაბორაციის თემაზე და მისსავე ვორქშოპს სწრაფი იდეების გენერირებაზე.

წელს პირველად წარვადგენთ CREATORS STAGE-ს, სადაც კრეატორებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე ვისაუბრებთ, რადგან ეს მიმართულება თანამედროვე მარკეტინგის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ეს პროგრამის მხოლოდ ნაწილია. ფესტივალის სამივე დღე დატვირთული იქნება საინტერესო გამოსვლებით, რომელიც არცერთმა მარკეტერმა თუ სააგენტოში მომუშავე ადამიანმა არ უნდა გამოტოვოს”, – ამბობს ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ცინცაძე.

ტრადიციულად, ფესტივალს ახალი ბრენდინგი აქვს. FireWorks in Creative Resistance – ასე ჟღერს 2025-ის სლოგანი. ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია ფოიერვერკს შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყენებს. კრეატიულობას ბევრი „მტერი“ ჰყავს – გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავს წლევანდელი ღონისძიება.

ბრენდინგის ნაწილია შემოქმედებითი წინააღმდეგობის კონცეფციაც – „In Creative Resistance“ Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში, თბილისში ჩატარებულ დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დაანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა შეაფასა. მათი ნახვა სექტემბერში Ad Black Sea-ს სტუმრებს ბათუმში, ხოლო ფართო აუდიტორიას ფესტივალის ვებგვერდზე შეეძლება.

ფესტივალის უცვლელი ნაწილია კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 13 ნომინაციაში (ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა) შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 28 ჟიურის წევრი შეაფასებს. უკვე მესამე წელია, თიბისისთან ერთად, კონკურსს აქვს მე-14, Young Creative-ის კატეგორიაც.

„წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Ad Black Sea-ს კრეატიული ინდუსტრიის გლობალურ რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად მონიშნავს: დაარსების დღიდან ფესტივალი ADCE-ის (Art Directors Club Europe) ოფიციალური ლოკალური პარტნიორია, რაც Ad Black Sea-ს კონკურსში გამარჯვებულებს გზას უხსნის ADCE-ს კონკურსში მოსახვედრად. წელს, ADCE-ს მფლობელი კომპანიისგან, ამერიკული The One Club For Creativity-სგან შევიძინეთ საკონკურსო პლატფორმა. ეს ნიშნავს, რომ ბათუმში, შემდეგ კი ADCE-ს საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულ სააგენტოებს, კლიენტებსა თუ ინდივიდებს ეძლევათ შანსი, მოხვდნენ The One Club-ის გლობალურ რეიტინგში, რაც ჩვენს სფეროში უდიდეს მიღწევად ითვლება,”- ამბობს სოფო კეჩხოშვილი, Ad Black Sea-ს საკონკურსო პროგრამის დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g