LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანებს ეუბნებიან, რა გინდათ, ხომ არ გიშვებთ სამსახურიდან, უბრალოდ, ხელფასს ვერ გიხდით“ – პანდემია, როგორც მიზეზი და მოტყუებული თანამშრომლები

134
canva-photo-editor (6)

კორონაპანდემიამ რომ მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, ადამიანების ცხოვრება გააუარესა და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დატოვა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომაც არის, რომ ქვეყნებს ჰყავს ხალხის მიერ დაქირავებული ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს მდგომარეობის სულ მცირედით გაუმჯობესების მიზნით მაინც. ასე რომ, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის არგუმენტები, რა ვქნათ, პანდემიაა და ლარი გაუფასურდა, პანდემიაა და ბიზნესი გაჩერდა, პანდემიაა და ხალხი უმუშევარი დარჩა – ნაკლებად რელევანტური არგუმენტია. 

 

                                                                   

რა გააკეთა ქვეყნის მთავარმა მესაჭემ

 

ამ ქვესათაურის კითხვას თავიდანვე შეგვიძლია ერთი წინადადებით ვუპასუხოთ – ჩაგვკეტა. ხო, აი ასე, ადგა და ჩაგვკეტა. ისევ არგუმენტების კორიანტელი წამოვიდა: ევროპაში ხომ ასეა, ევროპაში რომ კომენდანტის საათია, ევროპის გამოცდილება ხო უნდა გავიზიაროთ. კი, უნდა გავიზიაროთ, ოღონდ არა ნაწილობრივ. ევროპას ჰქონდა საშუალება ჩაეკეტა ყველაფერი და მერე შესაბამისი კომპენსაციები გადაეხადა. საქართველოს ბიუჯეტს რომ არ შეუძლია 200 ლარზე მეტის გადახდა საკუთარი მოქალაქეებისთვის, ბიზნესის დახმარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამიტომ უნდა ეფიქრათ უფრო მეტი, მაგრამ ფიქრი არ არის დღევანდელი ხელისუფლების ძლიერი მხარე. ამიტომაც ჩავიკეტეთ. ფაქტობრივად, სრული ერთი წლით. შეზღუდვები იყო ეტაპობრივად, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა.

შედეგად, მივიღეთ დახურული და გაკოტრებული ბიზნესები და ყველაზე მთავარი – უმუშევარი და გაღარიბებული მოქალაქეები. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ათეულში მოხვდა. სულ რამდენიმე დღის წინ,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. ამავე ინფორმაციით თანამხმად, ზიმბამბვეშიც კი უკეთესი მდგომარეობაა, რადგან იქ უმუშევრობის დონე 16, 9%–ია. 

 

 

როგორ იქცევა ბიზნესი

 

აქამდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გიყვებოდით, ახლა გადავიდეთ ბიზნესზე. პანდემიისა და ამას დამატებული მმართველი გუნდი აშკარად დაუგეგმავი და არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო დაზარალებული ბიზნესი იძულებული გახდა, თანამშრომლების ნაწილი შეემცირებინა, ან საერთოდ სამსახურიდან გაეშვა. ამის მიუხედავად, როგორც გავარკვიეთ, არიან ბიზნესკომპანიები, რომლებმაც, როგორც იურისტებმა გვითხრეს, ბოროტად ისარგებლეს შექმნილი რთული მდგომარეობით და თანამშრომლებს არასამართლიანად მოექცნენ.

ჩვენ დავინტერესდით, შრომითი უფლებების კანონდარღვევის რა შემთხვევებს წააწყდნენ იურისტები კორონაპანდემიის დროს.

იურისტი გიორგი ცობეხია გვეუბნება, რომ ზოგადად, პანდემიამ ბუნებრივია, შრომითი ბაზარი ძალიან დააზარალა და ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

ქვეყანაში დასაქმების დონე შემცირდა, უმუშევრობა კი - 3.8 პროცენტით გაიზარდა

დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში

„ კომპანიებს მოუწიათ ფინანსური პოლიტიკის გადახედვა, რაც ხშირად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით ვლინდება. ამ ვითარებაში მათ გაითვალისწინეს ქართული კანონმდებლობის მიდგომები, რომლითაც დათხოვნა კომპენსაციებს ითვალისწინებს, მაგრამ ზოგიერთი დამსაქმებელი შეეცადა, გვერდი აევლო კანონმდებლობისთვის. დაიწყეს არაანაზღაურებადი შვებულების გაფორმებაანუ შრომითი ურთიერთობის შეჩერება, რა დროსაც არც ხელფასს უხდი და არც კომპენსაციას. დასაქმებული ორმაგად ცუდ მდგომარეობაშია, ის სხვაგანაც ვერ ნახულობს სამსახურს“, – ამბობს ცობეხია.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე – აქვს თუ არა ამის უფლება დამსაქმებელს, იურისტი გვეუბნება, რომ ისინი თანამშრომლებს, ფაქტობრივად ატყუებდნენ.

„არაანაზღაურებადი შვებულება ეს არის ორმხრივი მდგომარეობა. მინიმუმ 15 დღიანია, მაგრამ როცა გრძელდება, ეს ორმხივი შეთანხმების საფუძველზე ხდება. დამსაქმებლები ატყუებდნენ რეალურად თანამშრომლებს, რომ შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ მაგ. ერთი წელი. ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ აი, ხომ არ გიშვებთ სამსახურიდან, ხელფასს ვერ გიხდით, მაგრამ ადგილს გინარჩუნებთ. დასაქმებულები იმის შიშით, რომ ესეც არ დავკარგოთ, თანხმდებოდნენ. ეს უკვე სიტუაციას ართულებს“, – ამბობს გიორგი ცობეხია.

 

 

 

რა უნდა იცოდეთ, რომ არ მოტყუვდეთ

 

ჩვენ გავარკვიეთ, რომ სამწუხაროდ, შრომითი უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტია დღეს ქვეყანაში, თუმცა ხშირად თავად დასაქმებულები არ ჩივიან, არ მიდის საქმე სასამართლომდე, თორემ როგორც იურისტები ამბობენ, მოსამართლე, უმეტესად, საქმეს დასაქმებულის სასარგებლოდ წყვეტს.

როცა პირველად ამ შინაარსის წერილი მივიღეთ, დავიწყეთ დასაქმებულის ინტერესების დაცვა. სასამართლომ ჩვენი პოზიცია სრულად გაიზიარა. მოსამართლის განმარტებით, მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების პრინციპი ასეთ დროს, რომელიც დამსაქმებელმა არ დაიცვა. დაადგინა, რომ ეს იყო ფაქტობრივად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და დააკისრა კომპენსაცია.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი – მასობრივი დათხოვნა. კანონის მიხედვით, თუ ასე ხდება, დამსაქმებლებს აქვთ ვალდებულება, რომ უწყებას  აცნობენ ამის შესახებ, ანუ სამინისტროს. ამას, როგორც წესი, კომპანიები არ აკეთებენ ხოლმე. ასეთი დეტალები დასაქმებულმა არ იცის. თუ საჭირო იქნება, მათ იურისტებს უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის. ამის გარეშე, დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებულ ახალ შეთანხმებას ან გარიგებას არ უნდა დათანხმდეს“, – აცხადებს გიორგი ცობეხია.

 

ჩვენ ბოლო მონაცემებსაც გადავხედეთ და გავიგეთ, რა ხდება ქვეყანაში უმუშევრობის დონის მიხედვით.  აღმოჩნდა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველ კვარტალში ს მაჩვენებელი 18, 3 % იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები