სხივივით ჩუმი, სიმღერად გარდასახული სევდა, ეს ინოლა გურგულიას ხმაა – ჩურჩულივით ფაქიზი, ხალხური სიტყვა, გულიდან ამოსული. ინოლა გურგულია ქართულ კულტურაში ისეთი წერტილია, სადაც პოეზია, სიმღერა და ტკივილში გახვეული სინაზე ერთად იკვეთება. იგი არ გამხდარა მყვირალა ეპოქის გმირი, მაგრამ დარჩა დროის სიმშვიდეში, როგორც ხმა, რომელიც არ ხმაურდება, მაგრამ არ გვავიწყდება.
ინოლა გურგულია დაიბადა თბილისში, ბავშვობა თბილისის ძველ უბანში გაატარა, ხოლო ყოველ ზაფხულს, სოხუმსა და ზუგდიდს სტუმრობდა. სწორედ იქ, სოფელში, გიტარაზე დაკვრა მას ძიძამ ასწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ინოლა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწორედ აქ ჩამოაყალიბა პირველი ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია” გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად.
ტრიოს შესრულება გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ნატიფი ლირიზმით, განცდის უშუალობით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა თვისობრივად ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ეს იყო ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ, ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა. ინოლა გურგულიას სიმღერის შესრულების მანერაში იგრძნობოდა ქართული ფოლკლორის, რომანსის, სვინგის ინტონაციები და ქალაქური სიმღერის სტილი.
ამბობენ, რომ ყველაზე მეტად იმ სიმღერების შესრულება უყვარდა, რომლებიც შვილებს ეძღვნებოდა: „სიმღერები მასთან თავად მოდიოდა, აი, პირდაპირ სამზარეულოდან გავიდოდა როიალთან, ან გიტარას აიღებდა და იწყებდა სიმღერას. ის, რომ მისი ტექსტები და მელოდია ერთდროულად არის შექმნილი, ცხადად ჩანს, როგორც ერთიანი და გულწრფელი” – ამბობს ინოლას ვაჟი, დავით შუღლიაშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
საინტერესოა, რომ ინოლა გურგულიამ რამდენიმე ქართულ კინოფილმში თავადვე იმღერა და დღემდე ამ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ 60-იან წლებში თავადაც რამდენიმე კინოსურათში გამოჩნდა, უნდა ითქვას, რომ სიცოცხლეში მან ვერ მოახერხა ვერც ერთი ფირფიტის ჩაწერა. ზოგადად, ინოლა საგანგებოდ არასოდეს არაფერს წერდა, ამბობენ, რომ შესაძლოა, ქუჩიდან გამოჰყოლოდა მელოდია, სახლში შესულიყო, მაშინვე როიალთან დამჯდარიყო და ახალი შედევრი შეექმნა. და მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერების უმრავლესობას სევდა დაჰკრავს ფონად, სიცოცხლეში საოცრად ხალისიანი ადამიანი იყო.
„10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა, მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ მახსოვს. ინოლაც და მამაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამყარო შემოქმედებითად და შინაარსიანად შეგვეგრძნო. მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ქმნიდა სიმღერებს. მისი ძირითადი ნამუშევრები, ალბათ, 17 წლის ასაკიდანაა შექმნილი. თანდაყოლილი, ღმერთისგან ნაჩუქარი ნიჭი თავისას აკეთებდა. მუზა რომ ეწვეოდა, მის რეალიზებას ინსტრუმენტთან, როიალთან მაშინვე აკეთებდა. მუზა კი შეიძლება ყველგან სწვეოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო” – იხსენებს ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ინოლას ქალიშვილი, ია შუღლიაშვილი.
რა მოთვლის ინოლას სიმღერებს, „ქარი კვლავ არხევს”, „საქანელა”, „პირველად იყო სიმღერა”, „ნაკადული”და მრავალი სხვა.
ინოლა გურგულია მძიმე სენით დაავადებული, 1977 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა, ის მხოლოდ 48 წლის იყო. მისი სიკვდილის წინ, მისივე სახლში, ეგრეთ წოდებულ ბაბინებიან მაგნიტოფონზე მისი სიმღერები ჩაწერეს.
და მაინც, რით გვახსენდება ინოლა? არამხოლოდ სიმღერებით, არამედ იმ სიჩუმით, რომელსაც მისი ხმა ტკბილად არღვევს. მისი თითოეული ნოტი, თითქოს შინაგანი სევდის ანარეკლია, თითოეული სიტყვა – ნაზი ამბოხი დროის წინააღმდეგ. ინოლა გურგულია არ ეძებდა დიდ სცენას, ის თავად იყო სცენა, სადაც მღეროდა სუფთა, მტკივნეულად მშვენიერ სიმღერებს ცხოვრებაზე, დაკარგულ ადამიანებზე და ბედნიერ წამებზე… როგორც თვითონ თქვა – „პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა, ადამიანი“ და როგორც აღმოჩნდა, იყო ინოლაც, რომელიც სიმღერისთვის შეიქმნა და ჩვენთვის დატოვა თავისი ყველაზე ნაზი, დაუვიწყარი ხმის ანაბეჭდი.