ადელის ყოველი კონცერტი სიურპრიზებითაა სავსე. მომღერალმა ბელფასტში გამართულ კონცერტზე თაყვანისმცემელი სცენაზე იხმო და საყვარელ მამაკაცს დაქორწინება შესთავაზა. მოგვიანებით ადელი 12 წლის რებეკა გიბნეის ესტუმრა, რომელსაც ცერებრური დამბლის დიაგნოზი აქვს, ამჯერად კი მან მანჩესტერის კონცერტზე 12 წლის აუტისტი გოგონა, ემილი ტემენი სცენაზე იხმო და მას დიდი ხნის ოცნება აუსრულა. სწორედ მასთან ერთად შეასრულა ადელმა სიმღერა Someone Like You.
მოგვიანებით ამ ფაქტს აუტისტური სპექტრის მქონე გოგონას მამა გამოეხმაურა: „ადელი მისი საყვარელი მომღერალია. კონცერტი წინ მან აბრა დაამზადა წარწერით It’s my dream to sing with Adele და აზრი მკითხა, მე მას ვურჩიე ის კონცერტზე წაეღო. შოუს დასასრულს ადელმა ჩვენ შეგვამჩნია და სცენაზე გვიხმო. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ვიგრძენი ამ დროს. მათ ერთად შეასრულეს ემილის საყვარელი სიმღერა. ჩემი გოგონა მღეროდა და აუდიტორია მას აპლოდისმენტით ამხნევებდა. ის 25 ათასიანი აუდიტორიის წინაშე მღეროდა. ეს ისეთი ამაღელვებელია“ – წერს ემილის მამა.
გაირკვა, რომ ემილი ტემენი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის დიაგნოზითაც მკურნალობს. ამას გარდა გოგონას ელერს-დანლოსის სინდრომიც აქვს, რის გამოც მას სიარული უჭირს.
