შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
„ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც სიმონ პარუნაშვილმა განაცხადა, ზურაბ შაინიძეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობას არ უკავშირდება. საპირისპიროს ამტკიცებს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადება, თითქოს დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, პროვოკაციაა.