10 სექტემბერს იპოვეს გდდ-ის 3 შეურაცხყოფილი თანამშრომელი – ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ლევანის მიერ პრემიის მიცემაზე და არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, როდესაც ათასობით ადამიანს თავპირს ალეწავენ?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქმეში ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადებებისა და ინტერვიუების გარდა, სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არცერთი მტკიცებულება არ დევს.
„შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ერთი ფურცელიც, ერთი სიტყვაც, ერთი პატაკიც არ დევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ლევანის საჯარო განცხადებებისა და ინტერვიუების გარდა, რაიმეს ეხება.
სრულად მოსალოდნელი იყო მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება. ნიშანდობლივია, რომ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის ნაწილშიც და საპატიმრო გირაოს ნაწილშიც, მურთაზ ზოდელავასთან მიმართებით. გდდ-ის სამი თანამშრომლის ჩვენებისა და რამდენიმე პატაკის, ასევე ლევანის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე მოსამართლემ მიიჩნია, რომ იყო რისკი, რომ თუკი ლევანი არ აღმოჩნდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, იგი მიიმალებოდა, ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. ეს იყო მისი ფორმალური განმარტება.
ასევე, როგორც მასმედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, ეს ჩემთვის არ არის დაზუსტებით ცნობილი, რომ მოსამართლე არის სუს-ის თანამშრომლის მეუღლე. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. თუმცა მან, რა თქმა უნდა, თავი არ აიცილა. ჩვენ გვქონდა აპელირება იმ საკითხზე, რომ მას უკვე ნამსჯელი ჰქონდა ლევანთან მიმართებით დაკავებაზე. მას ლევანის პიროვნება უარყოფითად და საზოგადოებრივად საშიშ პიროვნებად ჰქონდა შეფასებული. მიუხედავად ამისა, მან თავი არ აიცილა და კვლავ იმსჯელა ლევანის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენებაზე. აქ არის ცალსახად, ლევანთან მიმართებით პოლიტიკური დაკვეთა.
10 სექტემბერს დაიწყეს გამოძიება, როდესაც თვითონ ბრალდება ადასტურებს, რომ სამი თვის განმავლობაში ხდებოდა საჯაროდ ქრთამის შეთავაზება და დამხობისკენ მოწოდება.
10 სექტემბერს დაიწერა პატაკი. 10 სექტემბერს იპოვეს გდდ-ის 3 შეურაცხყოფილი თანამშრომელი. მინდა ამ სამ თანამშრომელს მივმართო, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ლევანის მიერ პრემიის მიცემაზე მომავალი ბიუჯეტის სახსრებიდან და არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, როდესაც ათასობით ადამიანს თავპირს ალეწავენ?! შემდგომ ამისთვის აძლევენ პრემიებს ადამიანებს?! მხოლოდ ეს არის შეურაცხყოფის საფუძველი? ჩვენ მოგვეცემა ამ ადამიანების დაკითხვის საშუალება”,- განაცხადა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორცირელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.