„დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
როგორც უფლებადამცველი ამბობს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაზიანებები აქვს სახის და ასევე, ზურგის არეში.
„გუშინ ღამით მოვინახულე ალეკო. დაზიანებები აქვს სახის არეში და აგრეთვე, ზურგის არეში. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჰქონდეს ნეკნი მოტეხილი, იმიტომ, რომ ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას და რენტგენსაც გადაუღებენ და ვნახავთ მის მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია და აშკარაა, რომ დაკავებისას განხორციელდა სერიოზული ძალადობა მის მიმართ. ძალის გამოყენებით მოხდა დაკავება. ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.
მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა და სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება ეგ საკითხი. გუშინ გვიანი იყო, არ მოხდა გადაყვანა და იმედია, რომ დღეს მოხდება მინიმუმ შემოწმება და დადგენა იმისი, თუ რეალურად არის თუ რა მაგალითად, ნეკნი მოტეხილი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებო. სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები. ეს უკვე ცემის მანიშნებელია,“ – განაცხადა ადვოკატმა.
ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ელისაშვილის დაკავება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.