ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და მოკლულ ლევან ჯანგველაძეს გარკვეული გაუგებრობები და დაპირისპირება ჰქონდათ.
როგორც ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გამოძიების დეტალებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირება გავლენებსა და ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა.
გიორგი მიქაძე: „ამ [ლევან ჯანგველაძის მკვლელობის] საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა“ – ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს – გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი მოითხოვს, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რაც ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.
„ნამდვილად მაქვს ლევან ჯანგველაძის ოჯახისგან ინფორმაცია. გარკვეული დაპირისპირების და გადაკვეთასთან დაკავშირებით. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობასა და გავლენებს უკავშირბება.
ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი , რაც ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.
ბრალდების მხარე თავად აცხადებს, რომ ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფმა პირმა შეუკვეთა პირებს მკვლელობის ორგანიზება. ვინ არის ის პირი, ვინც დაპირისპირებაში იყო ლევან ჯანგველაძესთან, ამის გარკვევა გვსურს. ხომ არ არის ეს პირი ოთარ ფარცხალაძე და თუ არის ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გვჭირდება. გამოძიებამ ამ ვერსიაზე აქტიურად უნდა იმუშაოს“,- განაცხადა ადვოკატმა.