„ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის, ე.წ. პიჯაკებისა და საზღვრის კვეთის საქმეებზე პროცესები ჩანიშნონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როგორ მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი არის კომიკური,“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვით სააკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს საშხაპიდან მიმართა და შინაგანაწესი დაარღვია.
ბასილაიას მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „გამწარდა, რომ სააკაშვილის გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია ვერ მოახდინა, რის გამოც „პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა ღონისძიებები მიეღოთ.“
„რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ, სასაცილო სიტუაციაა, საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიესალმა მომხრეებს, ამაზე გენინსპექციის მოკვლევის დაწყება სრულიად არასერიოზულია. პენიტენციურ სამსახურს წარმოაჩენენ როგორც ტყვეთა ბანაკს, სადაც არ შეიძლება ადამიანი მიუახლოვდეს სარკმელს და მიმართოს მომხრეებს,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის გამო სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებას, ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, „შესაბამისად გამორიცხული არ არის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ, ან მიხეილ სააკაშვილს დაბრკოლებები შეუქმნან.“
„ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, შესაბამისად დამატებითი შეზღუდვები რომ დააწესონ, ან მიხეილ სააკაშვილს დაბრკოლებები შეუქმნან ვერ გამოვრიცხავთ, სამართლებრივი ჩარჩოდან გასულები არიან და ღარიბაშვილს მორალური საზღვრები მორღვეული აქვს,“ – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.