„ნიკა მელია არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, „როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, ნიკა მელიას განუსაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა“
გიორგი კონდახიშვილის თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიიღება, პოლიტიკურია.
ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.
„როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, ნიკა მელიას განუსაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება 25 000-ლარიან ჯარიმას, ჩვენ უკვე სათვალავი აგვერია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს, ნიკას ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ასახა მოსამართლემ წინა აღუსრულებელი განაჩენი და საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 25 000 ლარი ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რაც არ უნდა იკითხონ და წერონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული სასჯელის აღსრულებას, რაც ჯარიმას გულისხმობს. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, ის ორჯერ არის დაპატიმრებული, დღეს საერთოდ, გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არის გამოყენებული. ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე [ირაკლი შვანგირაძე] საერთოდ არ არის გამოკითხული და პროკურატურას არ აინტერესებს პოზიცია, შეურაცხყოფილი არის თუ არა მოსამართლე“, – განაცხადა კონდახიშვილმა.