LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: თედო კობახიძეს ე.წ. კოკაინის საქმიდან აღებული 5000 ევრო ვასესხე

80

როდესაც ე.წ. კოკაინის საქმის შესწავლის მიზნით, 6250 ევრო ავიღე, აქედან 5 ათასი თედო კობახიძეს ვასესხე, ამის შესახებ ადვოკატმა კობა კობახიძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, ე.წ. კოკაინის საქმეზე საუბრის დროს განაცხადა. მისი მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან, საადვოკატო ჰონორარის სახით, 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან, 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.

”შესაძლოა, კონკრეტულად 6250 ევროს მოთხოვნა იმიტომ მირჩია, რომ აქედან 1250 ევრო სახელმწიფოს მიაქვს და დარჩენილი 5000 ევრო ჩემგან ესესხებინა და, ალბათ, ეს ინტერესი ჰქონდა. მე მას ეს თანხა ვასესხე, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ანასტასია ზაუტაშვილი შეწყალების შედეგად ვერ განთავისუფლდა და საქმეში არც ახალი გარემოებები იყო, მსჯავრედებულებმა თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს. ისინი მე თედოსთან გადავამისამართე და მან თანხა სრულად დაუბრუნა” – განაცხადა კობა კობახიძემ.

ადვოკატმა თედო კობახიძესთან დაკავშირებით სატელევიზიო განცხადებების გაკეთების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ სურდა, საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას სრული სურათი სცოდნოდა.

”როგორც ვნახეთ, ელისაშვილმა ვერ მიაღწია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბესელიამ და კობახიძემ კი, პირიქით, მის წინააღმდგ შეიტანეს სარჩელი. ასეთ სიტუაციაში, მე ჩავთავლე, რომ მებრძოლა სამართლებრივი კუთხით და ვაპირებ პროკურატურაში შესაბამისი მტკიცებულებები წარვადგინო” – განაცხადა კობა კობახიძემ.

რაც ეხება მთავარ პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზებს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ე.წ. კოკაინის საქმეზე,  ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაიბარეს.

”იმედია მოწმის სახით დამკითხავენ. გამომძიებლის ნებაა, თუ სურვილი ექნება და მკითხავს, სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც ვუპასუხებ” – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g