აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერმინისტრის სერგეი შამბას ინტერვიუს, რომელიც ამბობს, რომ დროა ქართულ მხარესთან დიალოგი დაიწყოს.
„ამგვარი დიალოგი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაა მონიშნული. შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზირების გარეშე, რისი გამოცდილებაც თავადაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით,” – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.
მისივე თქმით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს ასევე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ახლახან წარმოადგინეს და რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ.
„აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ერთადერთი და უალტერნატივო გზაა მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, რაც საერთო მისწრაფებაა. ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერმინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.