“აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია” “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს. ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ხატს უკან დააბრუნებენ.
“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს.
ეს მისია აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე შედგა. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია და აფხაზეთის სახელმწიფოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს,” – წერია განცხადებაში.
“2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.
მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყლებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ!” – დაწერა ორი დღის წინ ირმა ინაშვილმა და ფოტოები გამოაქვეყნა. სწორედ ამ პოსტს მოჰყვა ყველაფერი.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანიამ მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში დაძაბულობის თავიდან აცილება დაასახელა.
“თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის და ყველგან ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავ” – თქვა მან.
მას შემდეგ რაც ირმა ინაშვილმა აფხაზეთში ვიზიტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა ქართულმა მედიამ კი ეს თემა გაავრცელა ლაშა საქანიამ ქართველ დეპუტატებთან მოლაპარაკებები უარყო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შეხვედრა მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა.