LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის მთავრობა ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც ერთი და იგივე პიროვნებებს აფინანსებდა – აუდიტის ანგარიში

აფხაზეთის-მთავრობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და  სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი განახორციელა.აუდიტი 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოციალური მდგომარეობის გამო ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ერთი და იგივე პიროვნებებს აფინანსებდა, მაშინ როცა მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის განცხადებები არ დაკმაყოფილდა და  არც სხვადასხვა უწყებებში გადაგზავნილია.

სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების თხოვნის მიზნით, მთავრობის აპარატში 2017 წელს სულ 2,266 კორესპონდენცია (განცხადება, წერილი) შევიდა, რომელთაგან დაფინანსდა 910 ფიზიკური პირი და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, ჯამში, დაიხარჯა 196,840.00 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ფინანსური დახმარების მიზნით, დაკმაყოფილდა (დაფინანსდა) 13 განცხადება/წერილი, ჯამში − 23,155.00 ლარით, შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან, ჯამშ,ი 219,995.00 ლარი დაიხარჯა.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს დაფინანსებული ფიზიკური პირების ბაზის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს 19 პირზე 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიცა ფინანსური დახმარებები, ჯამში − 7,300.00 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ მათგან 16 პირი ასევე დაფინანსებული იყო 2016 წელსაც, ხოლო 9 პირი დაფინანსებულია როგორც 2016, ისე 2015 წელს.

“,2017 წელს მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარეობის გამო გაიცა 97,600.00 ლარის მატერიალური დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მატერიალური დახმარებები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებში. გარდა ამისა დადგინდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ, მაშინ როდესაც, მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ან არც დაკმაყოფილებულა და არც გადაგზავნილა. სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, აგრეთვე დაფინანსების მთხოვნელ განმცხადებელთა დაკმაყოფილების კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობის გამო, არ იყო დაცული შერჩევის სამართლიანობა, გამჭვირვალობა და თანაბარი პირობები, რაც წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტის, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და არაეკონომიური, არაეფექტიანი, არაპროდუქტიული მართვის რისკებს.
ამას გარდა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2017 წელს აფხაზეთის მთავრობაში პრობლემურია ის, რომ მთავრობის აპარატის მიერ ,,თანამშრომელთა აღიცხვის ჟურნალში“ თანამშრომელთა აღრიცხვა ხდება ფორმალურად.

,,მოქმედი კანონმდებლობით, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა და სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ხელფასის დარიცხვის საფუძველია, ხოლო მთავრობის აპარატი ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის დისციპლინის ეფექტიან დაცვასა და ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვა-კონტროლს, შესაბამისად, იქმნება ხელფასების სწორად გაანგარიშება-გაცემის რისკები“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს შტატგარეშე მომუშავე თანამშრომლებთან.

,,კვლავ არ იყო განსაზღვრული შტატგარეშე მომუშავეებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის ფორმა, ხოლო წარმოდგენილი ანგარიშებით, მათი ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება მათ მიერ შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (მომსახურების) შედეგისა და აქედან მიღებული სარგებლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, მთავრობის აპარატის მიერ შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების კუთხით, არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც წარმოქმნის შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს“, – წერია ანგარიში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი მოიცავს 01.01.2017 დან 01.01.2018-მდე პერიოდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g