თქვენ რასაც მეკითხებით, რომელიმე მოსამართლის მიმართ რა არის ჩემი პოზიცია, მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა ან ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ასე რომ, ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომ რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ შეიძლება იცით და ბევრმა სხვამ, საზოგადოებაში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე პრეზიდენტის პოზიციას შეეხებოდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართ უნდა არსებობდეს, როგორც ქართული საზოგადოების ნდობა, ასევე, მას უნდა ენდობოდნენ ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.
“სასამართლო და სასამართლოს რეფორმა და ნდობა სასამართლოს მიმართ, ჩვენი დემოკრატიის და ყველაფერი სხვის ქვაკუთხედია, ანუ ჩვენი ევროკავშირში მომავლის ქვაკუთხედი და საწინდარი არის ის, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლო. ნდობა უნდა არსებობდეს სასამართლოს მიმართ, არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორიების მხრიდან.
ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენი საზოგადოების შემდეგი თაობების მომავალს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს, როგორ განხორციელდება რეფორმა.