ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან, ამაზე საკოორდინაციო საბჭომ უნდა იმსჯელოს.
როგორც მან ჟურნალისტებს საბჭოს დასრულების შემდეგ უთხრა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით რთული ვითარებაა და კლინიკები გადატვირთულია.
„ჯერჯერობით საბჭო ამასთან დაკავშირებით ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღეს, ის შეზღუდვები რაც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გაგაცნობენ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა.
კერძოდ კი, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
გარდა ამისა, სრულად შეზღუდულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. რესტორნები კი მუშაობას 22:00 საათზე ამთავრებენ.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში,საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი