სოციალურ ქსელში ბოლო დღეებია ვრცელდება ვიდეო, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშია გადაღებული. მასზე ასახულია ერთ-ერთი ირანელი მომღერლის, ამირ თათლუს კონცერტი, სადაც ის მარიხუანას მოწევის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოში ეს აკრძალულია, მაგრამ ვერაფერს უზამენ, თუკი მას სცენაზე მოწევს. ამ გამოსვლის სხვადასხვა თარგმანი გავრცელდა „ფეისბუქზე“. ერთ-ერთი განსაკუთრებით აიტაცა „ფეისბუქ“-მომხმარებელმა, რადგან ქართულ თარგმანში მითითებული იყო, თითქოს ირანელმა მომღერალმა ქართველები უცენზუროდ მოიხსენია.
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამ თემას ეხმაურება და წერს:
„გადამევსო პირადი შეტყობინებების სივრცე ამ გამოშტერებული ამირ თათლუს ვიდეოთი! საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს? ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ სადაც ადამიანი ამბობს: მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო?, – ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო?!
მე არავის ვიცავ, მით უმეტეს, განგრეულ ნარკომანს, რომელიც რას ბოდავს, თვითონაც ვეღარ იგებს. მაგრამ რამდენიმე პრინციპული შეკითხვა მაინც გამიჩნდა:
- ვინ (კონკრეტულად რომელი პიროვნებები და ორგანიზაციები) უკეთებენ ირანელი მომღერლების კონცერტებს ორგანიზებას საქართველოში? ვინ აქირავებს ფილარმონიისა და სპორტის სასახლის შენობებს ირანელ მომღერლებზე, რა პირობებითა და რომელი კანონის საფუძველზე?
და რაც მთავარია: ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა. რატომ ტეხენ ისტერიკას იმ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე, რომელიც გონიერი და მიზანდასახული მთავრობების პირობებში შეიძლებოდა ცივილიზებულად, სულ სხვა დონეებზე გადაწყვეტილიყო და არა ასეთი ღრიანცელით, რომელსაც დროდადრო მართავენ პროფესიით პატრიოტები, სამშობლოს სიყვარული რომ მხოლოდ თავისი ექსკლუზიური უფლება ჰგონიათ, ყველგან კატები ელანდებათ და პრინციპულად არც გაემტყუნებათ დღევანდელი საქართველოს ძალიან ბნელ ოთახში!..“