LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”აგროექსპორტი” მანდარინს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს

117

ჩაის მწარმოებელი და ციტრუსების საექსპორტო კომპანია ”აგროექსპორტი” ცოტრუსის სეზონის დაწყებისთვის ემზადება.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, ნუგზარ სურმანიძემ განუცხადა, ”აგროექსპორტი” მანდარინს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

”აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გელხებმა მანდარინის ადრეული მოსავალი უკვე დაკრიფეს. თუმცა, ეს არ იყო საექსპორტოდ განკუთვნილი. მცირე რაოდენობის გამო, მათი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდა. ნარინჯისფერი რთველი სრული დატვირთვით დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება და ჩვენც ვემზადებით იმისთვის, რომ ადგილობრივი ფერმერებისგან ციტრუსი შევიძინოთ”, – აღნიშნა სურმანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით მანდარინის ჩასაბარებელი ფასი ცნობილი არ არის და მას ბაზარი კარნახობს. ”გვინდა, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მანდარინი გავიტანოთ ექპსორტზე და რაც მთავარია,  მისაღებ ფასად. აღნიშნული პროდუქცია უკვე 10 წელია, რაც რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე გაგვაქვს, სადაც ჩვენი კონკურენტი ქვეყნები თურქეთი და ირანია.  ისინი ციტრუსს  დაბალი ტარიფით აბარებენ, ამიტომ თუ ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისგან მანდარინი მისაღებ ფასად ვერ ჩავიბარეთ, ეს ”აგროექსპორტი”  საექსპორტო გეგმებს ხელს შეუშლის”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

ამასთან,  როგორც ნუგზარ სურმანიძემ აღნიშნა,  კომპანიას პრობლემები ჩაის წარმოებასთან დაკავშირებით კვლავ აქვს. როგორც რამდენიმე თვის წინ კომპანიის დამფუძნებელმა ”ფორტუნას” განუცხადა, ”აგროექსპორტს” ჩაის საკუთარი პლანტაციები არ გააჩნია,  შესაბამისად,  კომპანიამ ხელვაჩაურში, ადგილობრივ ხელისუფლებას პლანტაციის გადაცემის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

”პლანტაციებთან დაკავშირებით სიტუაცია ისევ ისე რჩება. ამ დრომდე ჩვენთვის პლანტაცია არავის გადმოუცია. ამიტომ, ჩაის კვლავ ადგილობრივებისგან ვიბარებთ და მცირე რაოდენობის გამო, პროდუქციის რეალიზაციას სავაჭრო ქსელებსა და რესტორნებში ვახორციელებთ”, – განმარტა სურმანიძემ.

ცნობისთვის, შპს “აგროექსპორტი” 2002 წელს , ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში დაარსდა.  კომპანია ჩაის რამდენიმე სახეობას აწარმოებს: შავი, მწვანე, ხილის და მცენარეული. საწარმოში ამ ეტაპზე 15-20 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g