მეტროსადგურებში გადატვირთულობის პრობლემაა, ქვეითების გვირაბში სრული უმოძრაობაა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა მარშანია ავრცელებს .
როგორც მარშანია წერს, მიუხედავად იმისა, რომ საცობის თემა დედაქალაქში მუდმივად აქტუალურია , ის რაც უკვე მიწის ქვეშ ხდება, მისი თქმით, ქალაქისთვის უპრეცედენტოა.
მარშანია აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან დახუთულ სივრცეში მგზავრები.
ადამიანები, რომ ცხოვრების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, საცობში ატარებენ და მიწის ზევით, გაძეგლებული ავტომობილებით, მიკროავტობუსებითა თუ ავტობუსებით დგანან, ახალი არ არის. მაგრამ, ის, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიწის ქვეშ, მეტროში ხდება, ჩვენი ქალაქისთვის მართლა უპრეცედენტოა. მგზავრები პირველი და მეორე ხაზის დამაკავშირებელ გრძელ გვირაბში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უბრალოდ, დგანან. აი ასე, ვერ ინძრევიან და დახუთულ სივრცეში დგანან. არაფერს ვამბობ, გადავსებულ ვაგონებსა და ზოგჯერ, ხანგრძლივი მოცდის პერიოდზე. ეს ბოლო ორი პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ ქვეითების გვირაბში საცობი და სრული უმოძრაობა, რაღაც ახალია- წერს სოციალურ ქსელში ანა მარშანია