LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალება თუ არა სარეკლამო SMS-ების დაგზავნა?

217

სარეკლამო შეტყობინებების მომსახურების გაუქმებაზე საუბარი არ არის, ამის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის იურისტმა, მარიამ ელყანაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმატებით, მოქმედი კანონმდებლობით, პირდაპირი მარკეტინგის განხროციელება არ იკრძალება.
”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით, დადგენილია რეგულაციები, მათ შორის,  უარის თქმის მექანიზმის სავალდებულოდ მითითების წესი. აღნიშნული  წესების დაცვა ევალებათ კომპანიებს” – განაცხადა მარიამ ელყანაშვილმა.

როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის იურისტმა აღნიშნა, მობილური ოპერატორების მიერ აბონენტების ნომრების კომპანიებისათვის გადაცემის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

”იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც პირები უთითებდნენ, რომ მათი მონაცემები გადაცემული იყო მობილური ოპერატორების მიერ, თუმცა ეს შემდგომში არ დადასტურდა. ტელეფონის ნომრების შეგროვება, ძირითადად, განცხადებებისათვის განკუთვნილი ვებგვერდებიდან ხდება. გარდა ამისა, შეტყობინების ადრესატი პირები თავად ტოვებენ ნომრებს, როდესაც სხვადასხვა ობიექტში რაიმე მომსახურებით სარგებლობენ” – განაცხადა მარიამ ელყანაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შემუშავებულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი პირების რეესტრის შექმნას.

”პროექტის მიხედვით, მარკეტინგის განმახორციელებელი პირებისათვის სავალდებულო იქნება სპეციალურად შექმნილ პორტალზე დარეგისტრირება, სადაც მოქალაქე მონიშნავს მისთვის არასასურველ კომპანიებს, ვისგანაც არ სურს შეტყობინების მიღება.  ამ ეტაპზე  პროექტზე მუშაობა გრძელდება და საკანონმდებლო ორგანოს, სავარაუდოდ, მომავალ წელს წარედგინება” – განაცხადა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის იურისტმა.

მარიამ ელყანაშვილის ინფორმაციით, პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის ფაქტზე, 2015 წელს  17 კომპანია 3000 ლარით დაჯარიმდა. როგორც ელყანაშვილმა აღნიშნა, თუ ერთი წლის განმავლობაში, იგივე სამართალდარღვევა მეორედ დაფიქსირდება, კომპანიას, კანონის მიხედვით, 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

 

 

 

 

 

magti 5g