LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკადემიური, ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებმა სწავლა განაგრძონ საკლასო ოთახებში: მაია ქურციკიძე

79
BeFunky-collage (12)

UNISEF საქართველოს კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი პანდემიის დაწყების პირველივე დღიდანვე მხარს უჭერდა, რომ სკოლები გახსნილიყო. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

„რისკები ყველგან არსებობს და არა მხოლოდ სკოლაში. ასე, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებმა განაგრძონ სწავლა საკლასო ოთახებში. ეს მათი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მათი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის.

დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, რომ საქართველოში ბევრი ბავშვია, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ასევე არიან ბავშვები, რომლებიც ვერ ახერხებენ განვითარებას იზოლაციაში ყოფნისას. ბევრი აღნიშნავს, რომ მათ აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ამის შესახებ ვერავის ელაპარაკებიან. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მშობლები, რომლებსაც პრობლემები ექმნებათ დისტანციურად მუშაობისას, მათ უნდა მიხედონ ბავშვებსაც. დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ბავშვები საკლასო ოთახებში.

მიუხედავად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, კვლევებით დასტურდება, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მასშტაბური გავრცელების კერას“, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა ახალ პიკს მიაღწია. გასულ 24 საათში ჩატარებული 85 191 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 201 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად ამისა, სკოლებში სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ გადავა და არსებული, ჰიბრიდული ფორმატი შენარჩუნდება. შესაბამისად, ისევ არჩევითი იქნება, დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვებიან მოსწავლეები თუ საკლასო ოთახებში ისწავლიან.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება, რათა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g