LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ცემენტის ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება

126

ფოთში, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ კუთვნილი ქარხანა გაიხსნა.

ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

ქარხანაში 11 ფილტრი დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა. ამ მიმართულებით კომპანია საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

გახსნის ღონისძიებაზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.

„მახარებს, ის რომ „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ამ პროექტს ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია ,,ლაფარჟჰოლკიმთან” თანამშრომლობით ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ქარხანა იმუშავებს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწარმოებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ლაფარჟჰოლციმი“ (Lafargeholcim) წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი ფლობს 2500-ზემეტ ქარხანას მთელ მსოფლიოში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რეგიონებში გაიხსნას ახალი საწარმოები, ეს ნიშნავს მათთვის ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს, ახალ ინვესტიციებს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ეკოლოგიური ნორმების დაცვის საკითხს სერიოზულად მოეკიდა.

„ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არაერთი მსხვილი, მათ შორის რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ბუნებრივია, მათი მშენებლობის პროცესში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქცია სწორედ მათ რიცხვში იქნება, წარმატებით მოძებნის და დაიკავებს საკუთარ ადგილს ქართულ ბაზარზე”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხნის გახსნის ღონისძიებას, პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, „ლაფარჟჰოლციმის“ წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე, სხვა ოფიციალური პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

 

magti 5g