LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობები შეიქმნება

109
თბილისის საკრებულო

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობები შეიქმნება. თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატება და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლება. გარდა ამისა, დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.

თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულო ხუთი კომისიით არის წარმოდგენილი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის არსებობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ახალი კანონის მიღების შედეგად, თითოეულ საკრებულოში დამატებით ხუთი თანამდებობის პირის შტატი შეიქმნება. ხუთი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს კი, თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატიც დაემატება.

„საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა რაიმე მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა, თუ ვინ უნდა მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან კომისიის სხდომის მოუწვევლობამ შეიძლება თავად საკრებულოს სხდომის გადადება გამოიწვიოს. ეს პრობლემა მოიხსნება, თუ კანონი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას გაითვალისწინებს. ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატოს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები გასულ კვირასაც განხორციელდა, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა გამარტივდა და ფრაქციების შექმნის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. კოდექსის გათვალისწინებით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. „ქართული ოცნების“ ინიციატივით კი, კოდექსს დროებითი ნორმა დაემატა, რომლის ამოქმედების შედეგად, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატისთვის, ასევე იმ კანდიდატისთვის, რომელიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g