„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხის მუნიციპლიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე.
ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.
ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.