საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალციხის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლის მიმართ სავარაუდო ბულინგის ფაქტს უკავშირდება, განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ახალციხეში მანდატურის სამსახურის კრიზისული ინტევენციის ჯგუფი დაუყონებლივ გაემგზავრა, გაესაუბრა კონფლიქტში ჩართულ ყველა პირს და მედიატორის როლი შეასრულა. მანდატურის სამსახურის ცნობით, სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი აღდგა.
მათივე ცნობით, მოსწავლე, რომელიც შესაძლოა იყოს ბულინგის მსხვერპლი, მისი კანონიერი წარმომადგენლების სურვილის შემთხვევაში ფსიქოლოგიურ მომსახურებას მიიღებს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
“რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მანდატურები აგრძელებენ მუშაობას სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ნებისმიერი ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, დააზარალოს მოსწავლეთა უფლებები და ხელი შეუშალოს სასკოლო პროცესის წარმართვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ დღეიდან, პირველი აპრილიდან სავარაუდო ბულინგის მსხვერპლი მოსწავლე ბიჭი სკოლას ფსიქოლოგების რჩევით დაუბრუნდა. სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეს უკვე ახალი დამრიგებელი ჰყავს, რადგან ძველმა ინციდენტის შემდეგ პოსტი დატოვა. მოსწავლის დედის თქმით, კლასელებისგან და მასწავლებლისგან ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შედეგად კი მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და სკოლაში სიარული შეწყვიტა.