გორში, ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის. აღნიშნული პროექტი 9 თვიანია და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით ფინანსდება.
მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ახალგაზრდების დაინტერესება და მოჭიქული კერამიკის წარსულში სახელგანთქმული, მაგრამ ახლა უკვე მივიწყებული გორული ტრადიციების აღორძინება.
,,გიორგი ტატულაშვილი ტრადიციული კერამიკის გამორჩეული ოსტატია, რომლის შემოქმედება გორის კულტურული ცხოვრების ნაწილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხრიდან მისი ინიციატივის დაფინანსება, მითუმეტეს, რომ ამ პროექტით ხელი შეეწყობა ახალგაზრდების დაკავებას საინტერესო საქმიანობით და, ამავე დროს, ქართული კერამიკის ტრადიციებიც გაგრძელდება ჩვენ ქალაქში, “ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერიის ინფორმაციით, გორის მოჭიქული კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში.