LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდების დროა: როგორ დაიბადა მუსტანგი

175
Screenshot 2023-10-04 114057

50-60 წლების მიჯნაზე მარკეტინგული კვლევის ჩატარების შემდეგ ახალგაზრდა და ნიჭიერმა მენეჯერმა ლი იაკოკამ “ფორდის” ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ დროა ახალგაზრდებზე გათვლილი ავტომობილების შექმნა.

ავტომობილის “ედსელის” ჩავარდნის შემდეგ დაჭკვიანებულ “ფორდში” ეს მოსაზრება გაითვალისწინეს და სტრატეგიაში აქცენტების გადანაცვლება დროულად მოახდინეს. ეს ცვლილება რომ არა, კომპანია “ფორდი” საბაზრო ფიასკოს მეორედ ვეღარ გადაიტანდა. დასახული ამოცანა საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. სამ წელიწადში ოთხადგილიანი ავტომობილი უნდა შექმნილიყო, რომელიც თან იაფიც უნდა ყოფილიყო და თან ძრავის, ოფციების და ინტერიერის რამდენიმე ვარიანტიც უნდა ჰქონოდა.

ლი იაკოკა და ჰენრი ფორდ II

 

ინჟინრებმა ამოსავალ წერტილად “შევროლე კორვეირის” აღება განიზრახეს, თუმცა დროულად გადაიფიქრეს. საბოლოოდ კომპანიამ საკუთარი ბესტსელერის “ფალკონ სპრინტის” ტექნიკური მახასიათებლები გამოიყენა, რამაც დაპროექტების ხარჯი 400 მილიონიდან 75 მილიონამდე დაიყვანა. ძარა წარმოების დაწყებამდე მხოლოდ 500 დღეში შემუშავდა და ისიც მხოლოდ დიზაინერების კონკურსის გამოცხადების შემდეგ.
ეს ავტომობილი სამ პროტოტიპში ჩადებული იდეების მატარებელი გახდა, თანაც რაოდენობა აშკარად ხარისხში გადაიზარდა. ამ შედევრის პროპორციები კი, კლასიკად მალევე იქცა.

რაც შეეხება მოდელის სახელს, მას საკმაოდ კურიოზული ისტორია უკავშირდება. თავიდან “ფორდში” მისთვის “ტორინოს” დარქმევას აპირებდნენ, რაც იტალიურ სპორტულ მოდელებთან მის ნათესაურ კავშირზე მიუთითებდა. თუმცა, ამ პერიოდში იტალიელ ლამაზმანზე შეყვარებულმა ჰენრი ფორდმა სრულიად უდროოდ, განქორწინების ხმაურიანი პროცესი წამოიწყო. უკვე დაწყებული მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, იტალიური წარმომავლობის სახელზე უარი ითქვა. საბოლოოდ მოდელს მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარული ავიაგამანადგურებლის სახელი დაერქვა, ჰენრი ფორდიც ხომ საჰაერო ძალებში მსახურობდა. თუმცა, დღემდე მაინც გავრცელებულია ვერსია, რომ ამ ავტომობილს სახელი “მუსტანგი” პრერიების მკვიდრის პატივსაცემად დაარქვეს.

ეფექტური ემბლემის წყალობითაც საავიაციო ფესვები საერთოდ დავიწყებას მიეცა. “მუსტანგ 1”-ის დებიუტს წინ უძლიერესი სარეკლამო კამპანია უსწრებდა. 1964 წლის 17 აპრილის ოფიციალური ჩვენების შემდგომ პირველივე უიკენდზე, დილერებს 4 მილიონმა ადამიანმა მიაკითხა, ეს ავტოწარმოების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. მოთხოვნამ შეთავაზებას იმდენად გადააჭარბა, რომ “მუსტანგების” ბედნიერი მფლობელები მასში ღამეს ათევდნენ. იმის ეშინოდათ, რომ სანამ ჩეკებს გაანაღდებდნენ, გამყიდველებს ფასი არ აეწიათ. 4 წლის განმავლობაში “მუსტანგის” წლიური გაყიდვები ნახევარ მილიონზე ქვევით არ ჩამოსულა, წარმოების პირველივე წელმა კომპანიას 1,1 მილიარდი დოლარი და “წლის მწარმოებლის” ტიტული მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები