ოკუპირებულ აფხაზეთში ოჯახის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ ბავშვთა ომბუდსმენმა მაკტინა ჯინჯოლიამ გაავრცელა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
კერძოდ, მათივე ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ბავშვთა „ომბუდსმენმა“ მაკტინა ჯინჯოლიამ გაავრცელა.
„ეს ტრაგიკული შემთხვევა ნათელი დასტურია იმისა, რომ სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის პრობლემის თვალსაზრისით აფხაზეთი გამონაკლისი არაა. ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში კვლავ სერიოზულ და მტკივნეულ პრობლემად რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ ბავშვების ეფექტური დასაცავად აუცილებელია საკანონმდებლო ზომების მიღება ოჯახში ძალადობის კრიმინალიზებისთვის“, – ციტირებს ბავშვთა „ომბუდსმენის“ განცხადებას „ეხო კავკაზა“.
მომხდარის შესახებ წერს „აფსნიპრესიც“:
„2026 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 22:50 საათზე, არასრულწლოვანი გაბრიელა ბესლანოვნა ლახინა, დაბადებული 2022 წელს, მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. ბავშვს თავის, სახის, ტანის, ზედა და ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა გოგონას გარდაცვალება დაადასტურეს 2026 წლის 8 აპრილს, დილის 4:00 საათზე“.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. „გამოძიების შედეგების საფუძველზე მომხდარს სისხლის სამართლებრივი შეფასება მიეცემა.“
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი დეიდასთან – ქრისტინა ლახინასთან ერთად ცხოვრობდა. ხოლო მომხდარს სისტემატური ძალადობის ხასიათი ჰქონდა. Telegram-არხი „Новости | ЧП АБХАЗИЯ“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 4 წლის გაბრიელას დაზიანებები სახის არეში ძველ ფოტოებზეც აღენიშნება. გარდა ამისა, წყაროები ძალადობაში მამინაცვლის შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტინა ლახინა დაკითხვაზე გადაიყვანეს. სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი.
