LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ, ზვიად ქორიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა

272
26175305-1878666425495775-901266569-n-1514362413

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის შემდეგ, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ქორიძე ერთი წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებლის კონსულტანტი იყო. მან ტელევიზიის ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი პირველი იანვრიდან აღნიშნულ თანამდებობას აღარ დაიკავებს.

“2019 წლის პირველი იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება”, – წერია განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაცია, თავად აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მათივე განმარტებით, ზვიად ქორიძე აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე, სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა.

ჟურნალისტი უკვე 25 წელზე მეტია ამ სფეროში მოღვაწეობს და მრავალი გადაცემისა და პუბლიკაციის ავტორია. 2011-2013 წლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელი იყო. ზვიად ქორიძე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანაავტორია. სწორედ ამის საფუძველზე შეიქმნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“.

შეგახსნებებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე 23 ნოემბერს აირჩიეს. სულ სამი კონკურსი ჩატარდა, ორ კონკურსში მან მრჩეველთა საბჭოს ვერცერთი წევრის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მესამე კონკურსზე კი 2 ხმა მიიღო.

ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ღიად აღნიშნავს, რომ მრჩეველთა საბჭოს ეს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია. ზვიად ქორიძის მსგავსად სხვა თანამშრომლებიც  დატოვებენ თუ არა აჭარის მაუწყებელს ჯერჯერობით უცნობია.