დღეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიამ – „ Ural Airlines “ ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. პირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და ორშაბათს, A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.
ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია „ Ural Airlines “ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ 2 ახალ მიმართულებას შესთავაზებს. 16 მაისიდან ბათუმიდან პირდაპირი რეისები პეტერბურგში, ხოლო 7 ივნისიდან კი სამარაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „ Ural Airlines “-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო.
რუსული ავიაკომპანია „Ural Airlines“ 1943 წელს დაფუძნდა და ამჟამად ავიაკომპანია 34 ავიახომალდით, 40 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს. დღეისათვის „ Ural Airlines “-ის ავიაპარკი 18 Airbus A320, 10 А321 და 6 А319 ტიპის ავიახომალდისაგან შედგება.