LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი პროპაგანდაა რუსეთისგან” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერას და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ

79
Untitled design

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება სპეცოპერაციის გეოგრაფიას გააფართოებს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება.

Deutsche Welle-სთან მიცემულ ინტერვიუში ანალენა ბურბოკი აღნიშნავს, რომ ომის გეოგრაფიული არეალის გაფართოება მოსკოვის ახალი პროპაგანდაა.

მისივე თქმით, დასავლეთი არა მხოლოდ მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, არამედ აგრძელებს მისთვის სამხედრო დახმარების გაწევას:

“ეს არის უბრალოდ ახალი პროპაგანდა რუსული მხარის მხრიდან. რუსეთი ყოველ ჯერზე ახალ არგუმენტებს იყენებს, ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ ეს გამოწვეულია დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები აქამდეც არ შემოიფარგლებოდა დონბასით.

დასავლეთი არა მხოლოდ უკრაინას უჭერს მხარს და სოლიდარობას უცხადებს ამ ქვეყანას, არამედ აგრძელებს მისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ეს ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევაა”, – განაცხადა ბერბოკიმ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია და ნიდერლანდები ზაფხულის ბოლომდე უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებსა და სხვა იარაღს, ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება სპეცოპერაციის გეოგრაფიას გააფართოებს“.

ლავროვის თქმით, დღეს რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალი მხოლოდ დონეცკი და ლუგანსკი აღარაა, რადგან მათ დაემატა ხერსონი, ზაპოროჟიე და სხვა ტერიტორიაც.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში