LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ქართული ბრენდი House Laboratory – გამორჩეულმა სამოსმა მეგობრებიდან ფართო საზოგადოებაში გადაინაცვლა

153

რა ჩავიცვათ და სად შევიმოსოთ? – ამ კითხვამ, რომელიც ყველა ჩვენგანს მუდმივად აწუხებს, ახალ ბიზნესიდეას მისცა ბიძგი.

ლოზუნგით – ჩვენი მეგობრებისთვის, ნინა ესქეულიძემ და დეა მელქაძემ ტანსაცმლის ახალი ხაზი შექმნეს.

House laboratory-ის ყოველდღიური და გამოსასვლელი ტიპის სამოსი შესაფერის და თან ქართულ ბრენდთან MaruSinka-სთან ერთად, მაღაზია დრესინგ რუმსში გაერთიანდა.

ახალი ბრენდის შექმნიდან რამდენიმე თვეში კი ამ სამოსის ჩვენება ჟურნალისტების მეშვეობით სატუმრო „აივანის“ ტერასაზე მოეწყო.

გაზაფხული–ზაფხულის კოლექციამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ბიზნესი მეგობრების დახმარებით

House laboratory–ის ბრენდმა არსებობა დამფუძნებლების თქმით, მეგობრების და მათი მშობლების მეშვეობით დაიწყო. იდეის განხორციელებაში და პირველი ნაბიჯის გადადგმაში მათ მშობლები, მოდის ინდუსტრიაში უკვე კარგად ცნობილი “მარიგოლდის” დამფუძნებელი თამარ ნადირაძე და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა გუნთაიშვილი დაეხმარნენ.

ერთ–ერთი დამფუძნებელი დეა ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ერთი შეხედვით ძალიან ადვილია, თუმცა ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

„ჩვენ დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები და მშობლები, ჩვენ მხოლოდ იდეა გვქონდა, რომელსაც მათ გარეშე ვერ განვახორციელებდით. უამრავი რამ არის საჭირო, როდესაც თუნდაც ასეთ მცირე ატელიეს აკეთებ. უმთავრესია ფინანსები და ადამიანები, რომლებსაც შენი იდეის განხორციელებას ანდობ
ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ ამ სფეროში ერკვეოდე“, – განაცხადა დეა მელქაძემ „ფორტუნასთან“.

 

მეგობრებიდან ფართო საზოგადოებამდე

„ჩვენს სამეგობრო წრეში ძალიან ხშირად არის ეს კითხვა – რას იცმევ? აქედან გამომდინარე დავაარსეთ House laboratory, რომელიც აერთიანებს ყველა სეზონის კოლექციას.
ამ მოდელებით თავდაპირველად ვეცადეთ, რომ ჩვენი მეგობრები დაგვეკმაყოფილებინა, ახლა კი უფრო ფართო საზოგადოებაზეც გავედით“, – განაცხადა ჩვენთან დეა მელქაძემ.

დამფუძნებლები ამბობენ, რომ ძირითადად ყოველდღიურ სამოსს ქმნიან, თუმცა თითოეული მათგანი იმდენად გამორჩეულია, რომ ამ ტანსაცმლით ნებისმიერ ღონისძიებაზე შეძლებთ თავის მოწონებას.

„ჯერ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. მუდმივად ჩვენს ატელიეში მხოლოდ 5 ადამიანია დასაქმებული. გვეხმარებიან მეგობრები – ჩვენ ვხატავთ მოდელებს ჩვენი მეგობრები კი მათ რეალობაში ახორციელებენ“, – განაცხადა ნინა ესქეულიძემ.

ქართველი დიზაინერების წარმატებული კოლაბორაცია

იმისთვის, რომ მომხმარებელს ყველაფრის ერთ სივრცეში შეძენა შეეძლოს – ხარისხიანი ქართული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად მაღაზია დრესინგ რუმში გაერთიანდა.

ფეხსაცმლის ხაზის MaruSinka–ს დამფუძნებლის მარიამ სამხარაძის თქმით, ეს მაღაზია ყველა გოგონასთვის საოცნებო საგარდერობო ოთახია, სადაც ქართულ ნაწარმთან ერთად უცხოეთიდან შემოტანილი კოლექციებიცაა წარმოდგენილი.

„ბრენდი MaruSinka ამ ტანსაცმლის ხაზის პარტნიორი კომპანიაა, ჩვენი შექმნილი სამოსი ერთად იყიდება. House laboratory–ს გამორჩეული კაბები ჩვენს ფეხსაცმელს განსაკუთრებით უხდება“, – განაცხადა მარიამ სამხარაძემ.

გოგონების საოცარ საგარდერობო ოთახში მოხმარებლებს ხარისხს, გამორჩეულ სამოსსა და კარგ მომსახურებას ჰპრდებიან.

„ვპირდებით ხარისხიან ფაქტურებს. ვცდილობთ, რომ ყველა ფაქტურა ბუნებრივი იყოს. 

ჩვენ არ ვმუშაობთ ქარხნის სისტემით. ფერადი და მხიარული კოლექციებიდან მოდელები მხოლოდ ერთხელ იქმნება – ასე რომ რასაც მომხმარებელი ჩვენთან შეიძენს, ზუსტად ისეთს სხვის ტანზე ვერ იხილავს“, – განაცხადა ნინა ესქეულიძემ და აღნიშნა, რომ თითოეულ მყიდველს კონსულტანტები რჩევებსაც აძლევენ და სამოსის მორგებაშიც ეხმარებიან.

 

სამომავლო გეგმები

„ქართველები ძალიან კარგი და გემოვნებიანი „ჩამცმელები“ არიან. ამიტომ გვიხარია, რომ ამ მოკლე პერიოდში ჩვენმა შექმნილმა სამოსმა, უკვე დაიმსახურა მოწონება“, – ამბობენ დიზაინერები, რომლებიც მომავალში გაფართოებას, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებასა და შესაბამისად უფრო მრავალფეროვანი კოლექციის შექმნას გეგმავენ.

ერთი პატარა ოთახით და მეგობრების დახმარებით დაწყებული ბიზნესი, ქართული მოდის ინდუსტრიაში ახალი სიტყვისთვის ემზადება.

 

თამთა უთურგაშვილი

[R]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები