LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში 2020 წლის ბოლომდე იქნება

34

სემეკის მიერ წლის ბოლოს დადგენილი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განაცხადა.

“ის ტარიფი, რომელსაც ჩვენ წლის ბოლოსთვის დავადგენთ, ძალაში იქნება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე ანუ კომისია ყოველწლიურ რეჟიმში აღარ განახორციელებს ტარიფების გადათვლას. დადგენილ 3-წლიან ტარიფებს ერთადერთ შემთხვევაში მივუბრუნდებით, თუ მოხდა იმ მოცულობების არსებითი ცვლილება, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით ტარიფების დადგენისას”, – განაცხადა მილორავამ.

კითხვაზე, დღეის მოცემულობით, შესაძლებელია თუ არა სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება, ირინა მილორავას განცხადებით, დღეს ამის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან დღეს განხილული კომპანიების საინვესტიციო გეგმები ტარიფის მხოლოდ ერთი ნაწილია.

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედ კომპანიებს 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმები დაუმტკიცა. როგორც ირინა მილორავამ განაცხადა, სემეკმა დღეს სრულად განიხილა გადაცემის ლიცენზიანტების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმები.

“ჯამში, გადაცემის 3 ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილმა საინვესტიციო გეგმებმა 2020 წლის ჩათვლით 600 მილიონი ლარი შეადგინა, სადანაც ყველაზე დიდი ნაწილი მოდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე. ასევე განვიხილეთ გენერაციის 7 ობიექტის საინვესტიციო გეგმები იმავე პერიოდზე. ჯამში, შეთანხმებული ინვესტიციები შეადგენს 175 მილიონ ლარს. განაწილების ლიცენზიანტებიდან დღეს მოვახერხეთ მხოლოდ “თელასის” საინვესტიციო გეგმის შეთანხმება – 66.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება 2020 წლის ჩათვლით. რაც შეეხება “ენერგო პრო ჯორჯიას” საკითხს, პრაქტიკულად, ყველა საკითხი გვაქვს შეთანხმებული, გარდა ერთისა – ეს ეხებოდა დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში ინვესტიციების საკითხს. ეს არის 2018 წელს 7 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2020 წელს 12 მილიონი ლარის ინვესტიცია. “ენერგო-პრო ჯორჯიამ” არ წამოადგინა დეტალური პროექტები ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით, მაგრამ ბუნებრივია, დაბალი ძაბვის ქსელში ეს ინვესტიციები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ კომპანიას მივეცით ვადა 14 დეკემბრამდე. ისინი მოიტანენ კონკრეტულ ინფორმაციას ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით და ჩვენ კიდეც ერთხელ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას”, – განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, 14 დეკემბრის სხდომაზე სემეკი ასევე განიხილავს წყალმომარაგების 3 ლიცენზიანტის – “ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის”, “მცხეთის წყლისა”, “რუსათავი წყლის” საინვესტიციო გეგმებს, ასევე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საკუთრებაში არსებული “ჟინვალჰესის” საინვესტიციო გეგმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g