18 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს დავით საყვარელიძე სტუმრობდა. რა სიახლეებია სოხუმის თეატრის ირგვლივ და როგორ ემზადებიან აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, ამის შესახებ სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ისაუბრა.
პირველ რიგში მოგვიყევით 23 მაისზე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებულ გეგმებზე და შემდეგ გვიამბეთ, თუ როგორ გაგყავთ თვითიზოლაციის დღეები?
ჩვენ, ყოველ წელს, აღვნიშნავთ 23 მაისს, აფხაზეთის დღეს. შესაბამისად ამ წელსაც გვინდა ჩვენმა თეატრმა, სოხუმის თეატრმა განსაკუთრებულად ჩაატაროს ეს დღე. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს თეატრში შეკრების უფლება, ჩვენ შევაგროვეთ ქართველი გენიოსი პოეტების ლექსები, აფხაზეთზე მიძღვნილი და ჩვენი მსახიობები წაიკითხავენ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით. ამის შემდეგ გვექნება ისევ ონლაინ-სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“, რომელიც დადგა გოჩა კაპანაძემ.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიმუშაოთ ონლაინ და არ გავჩერდეთ. ასევე ჩვენს თეატრს გადმოეცა ახალი შენობა უზნაძის ქუჩაზე, ვაკეთებთ ახალ ვებ-საიტს, ვაშენებთ ბევრ პროგრამას, რათა შესაძლებელი იყოს ბილეთების ადვილად გაყიდვა. გვინდა, რომ ეს იყოს ერთ-ერთი თანამედროვე თეატრი, როგორც შემოქმედებითად, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით. ამაში მეხმარება კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
ასევე სოხუმის თეატრს უსრულდება 135 წელი და უახლოეს პერიოდში, როგორც გვპირდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი კულტურული ცენტრი, სადაც გაერთიანდება აფხაზეთის ყველა მიმართულებაში მომუშავე ადამიანი. გვაქვს ძალიან კარგი გეგმები და იმედები.
კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მთელი მსოფლიო გადავიდა ონლაინ მუშაობაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიყურება შენი თეატრი ინტერნეტ სივრცეში. ასევე ვმუშაობთ შიდა სტრუქტურების დახვეწაზე, მინდოდა გადმოგვეთარგმნა ის მიღწევები და დაგვენერგა ჩვენს საორგანიზაციო სტრუქტურაში, რომელიც მსოფლიოს თეატრს აქვს.
ასევე ერთდროულად სამ პიესაზე მიდის მუშაობა. ყოველ დღე საღამოს 11 საათზე მაქვს ზუმში ჩართვა ჩვენს დასთან, სადაც ვატარებთ რეპეტიციებს. აუცილებელი იყო ეს პერიოდი გამოგვეყენებინა იმ საქმეებისთვის, რომელიც დაგვრჩა გასაკეთებელი. სასწავლო პროცესიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჩემს შვილებთან, მეც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ამ პერიოდში. ასეთ კრიტიკულ მომენტებში ცნობიერება გიღვიძებს იმ მომენტებს, თუ რამდენად ძლიერი ხარ პიროვნულად, რამდენად შეძლებ გაუძლო კრიზისს.