29 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” პროდიუსერი თეო ჯორბენაძე და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ახალგაზრდა პიანისტები რეზი მარშანია და ლიზი რაზმაძე სტუმრობდნენ, რომელთაც „კკონცეპტArt“-ის მუსიკალურ პროექტზე „უღრან ტყეში“ ისაუბრეს.
– თეო, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსების თქვენს პროექტში მონაწილეობა?
– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მივიწვიეთ ახალგაზრდები ჩვენს ფესტივალზე. ლიზის და რეზის კონცერტი 1 აგვისტოს გაიმართება, დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად შეასრულებენ საკუთარ ნაწარმოებებს და პუბლიკასაც თავს შეაყვარებენ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო მერიას, რომელიც 31 ივლისს, ფესტივალის გახსნის დღეს უფროსი თაობის მელომანების ტრანსპორთით უზრუნველყოფაში დაგვეხმარება.
– რეზი რას შესთავაზებთ თქვენს საღამოზე მოსულ მსმენელს?
– ჯერ შოპენის და ჰაიდნის ნაწარმოებებს დავუკრავთ, მერე კი, პატარა სიურპრიზს მოვუწყობთ.
– უამრავი პრემიის პატრონი ხარ, რას ნიშნავს შენთვის ჯილდოს მიღება?
– ჯილდო შრომის დაფასება და მიღწევების აღნიშნვაა, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ბევრი ჯილდო მაქვს.
– ლიზი, როდის გადაწყვიტე პიანისტობა?
– დაკვრა შვიდი წლისამ დავიწყე. მართალია, თავიდან ცოტა უცნაური შეგრძნება მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ სწორედ ფორტეპიანოზე დაკვრა იქცეოდა ჩემს ცხოვრებად და სწორედ ის მომიტანდა ყველაზე დიდ ბედნიერებას.
– რეზი, როგორ შექმენი ნაწარმოები, რომელიც გია ყანჩელს მიუძღვენი?
– გია ყანჩელის ციტატის გამოყენებით მცირე კომპოზიცია შევქმენი, ნიკოლოზ რაჭველმა კი, მისი გაორკესტრება შემომთავაზა, რამაც უფრო გაამდიდრებდა ჩემი ნაწარმოები.
– კომპოზიტორობაზე ხომ არ ფიქრობ?
– ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, თუმცა სხვის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარის შესრულებაც ძალიან მომწონს.
– საყვარელი კომპოზიტორი ხომ არ გყავს?
– ყველა კომპოზიტორი მომწონს, ვის ნაწარმოებსაც ვასრულებ.
– ლიზი, შენ ვისი ნაწარმოებები მოგწონს ყველაზე მეტად?
– ყველა კომპოზიტორი მომწონს, თუმცა შოპენი, ბეთჰოვენი, მოცარტი და რახმანინოვი განსაკუთრებით მიყვარს.
– როგორ ფიქრობ, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება უფრო რთულია თუ უცხოელების?
– ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებს ერთნაირად რთული ნაწარმოებები აქვთ, თუმცა მათი მოსმენა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა.
ფოტოები