პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი, ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება.
სამუშაოები ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განხორციელდება.
საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი და კანალიზაციის სისტემა. მოეწყობა ახალი სადრენაჟე სისტემა და სანიაღვრე ქსელები.
განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა, ელექტრო ენერგიის ქსელი, ასევე სუსტი დენების გაყვანილობა.
სამუშაოები ყველა ქუჩაზე ეტაპობრივად განხორციელდება, რათა დროებით გზის დაკეტვის შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამანქანე და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიან არეალში მდებარე ქუჩებზე აღმოიფხვრება მოძველებული ქსელებით გამოწვეული პრობლემები. ასევე, თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ქსელების განმეორებითი დაზიანების შემთხვევები. საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების ბიუჯეტი 8.5 მლნ ლარს შეადგენს.