LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ღამეს წიგნები, ტკბილეული და გლინტვეინი ბათუმში ერთ ლარად გაიყიდება

137

ბათუმში, ახალი წლის ღამეს წიგნები, ტკბილეული და გლინტვეინი სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გაიყიდება.

როგორც „ფორტუნას“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძემ განუცხადა, ამას გარდა, ბათუმის სტუმრებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების გალა კონცერტები ელოდებათ.

„წიგნები, ტკბილეული და გლინტვეინი სიმბოლურ ფასად 31 დეკემბერს, ერას მოედანზე ჯიხურებში გაიყიდება. კონცერტთან ერთად ჩვენ შევეცადეთ, რომ კარგი განწყობა შეგვექმნა. 15-დღიანი ღონისძიებების საინფორმაციო კამპანია უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ხუთ ქვეყანაში. ჩვენ ტურსტებზე გვაქვს გათვლა და ყოველი თეთრი, რომელიც ჩაიდო ამ კონცერტებში, ვფიქრობთ რომ ტურისტების საშუალებით მოსახლეობა სარგებლის სახით დაიბრუნებს. თუკი 2 ათასი ტურისტი მაინც ჩამოვიდა ბათუმში, ჩვენ ჩავთვლით რომ მოსახლეობამ ეს სარგებელი მიიღო“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნათია სირაბიძემ.

მისივე თქმით, 31 დეკემბერს ბათუმში უკრაინიდან, ბელორუსიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჟურნალისტებს ელოდებიან, რომლებიც ღონისძიებებს გააშუქებენ. საერთო ჯამში, საახალწლო ღონისძიებებზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მამუკა ბერძენიშვილის თქმით კი, ბათუმში გამართული ღონისძიებები იმით იქნება გამორჩეული, რომ 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

„ამას ემატება 31 დეკემბერს და 1 იანვარს რეჟისორულად დაგეგმილი გრანდიოზული ღონისძიებები მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებთან. ბათუმში ჩამოვა ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სიის” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი გიორა ფაიდმენი და  LOU BEGA. ჩატარებული სარეკლამო კამპანიების შედეგად, ველით დატვირთულ საახალწლო დღეებს.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ბერძენიშვილმა.

ბათუმში, საახალწლო ღონისძიებების 15-დღიანი პროგრამა 25 დეკემბერს, ერას მოედანზე დაიწყო.

31 დეკემბერს, 22:00 საათზე კი ევროპის მოედანზე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გალა-კონერტი გაიმართება, რომელშიც ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სიის” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი გიორა ფაიდმენი, ასევე ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი Inner Circle. 1 იანვარს ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი LOU BEGA ქართველ მომღერლებთან ერთად წარდგება.

საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნის გარდა ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანში იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g