არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდივე პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გირაოს ოდენობას არ ასახელებს და არც სხვა დეტალებზე საუბრობს. ჩვილი კი, რომელსაც დედა ჰყიდდა, ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა.
ბავშვი სამშობიარო კლინიკა „ბაიებში“ გაჩნდა, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დედა ყალბი სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული.
“არ გაყიდულა ჩვენგან ბავშვი და ყველანაირად ვემიჯნებით ბავშვის გაყიდვის ფაქტს. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენთან იმშობიარა, საკეისრო კვეთა გაიკეთა, ამის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი,” – განუცხადეს “რუსთავი 2”-ს კლინიკის რეგისტრატურაში.
ახალშობილის 13 000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე, ბავშვის დედა და 2 ექიმი დააკავეს
არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე სულ შვიდი პირია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 13 ათას დოლარად, ადამიანის გაყიდვა და მიღებული თანხის გადანაწილება გადაწყვიტეს. მოიძიეს მსურველი, რომელიც ჩვილის შეძენაში ფულს იხდიდა. ამის შემდეგ, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, სამშობიაროში სხვა პირის სახელით და გვარით დარეგისტრირდა. იმშობიარა და საბოლოო ჯამში, შვილი გაყიდა.
ცნობილია, რომ დაკავებულთაგან ერთი ანალოგიური ბრალდებით რამდენიმე წლის წინაც იყო გასამართლებული.