LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მშვიდობის დროა: შეთანხმება მიღწეულია – დასრულდა თუ არა 12-დღიანი ომი

480
250620-Israel-rs-85a8f4

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაში შევიდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ ის“, – დაწერა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ ახლა მშვიდობის დროა.
„გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ოფიციალურად ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას. შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24 საათის შემდეგ მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება. მინდა, მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამო, რათა დაესრულებინათ ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ვუწოდოთ. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“ – წერს ტრამპი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმების დასრულების შემდეგ ამოქმედდა.
ისრაელსა და ირანს შორის იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან თითქმის ყველას ჩამოგდება შეძლო, თუმცა ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ბეერ შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ეს განცხადება ისრაელის მიერ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ მალევე გაკეთდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ისრაელი ძალით უპასუხებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი იყო აიათოლა ხამენეის პუტინისთვის გაგზავნილი წერილის ავტორი, რომლის მიზანიც აშშ-სა და ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ რუსეთის უფრო მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო. წერილის შინაარსის ან ირანის მხარდაჭერის შესახებ დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ მოსკოვი და თეირანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით „პოზიციებს კოორდინაციას უწევენ“.

რუსეთს არ აქვს განზრახვა, ირანს ბირთვული იარაღი მიაწოდოს, რადგან, ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე ვართ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გასული კვირის ბოლოს დიმიტრი მედვედევმა დაწერა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ.

ისრაელმა დაადასტურა, რომ თანახმაა დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე ირანთან, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. სუმიზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, ხოლო ექვსი დაშავებული.
„მტრის თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის იყო რვა წლის ბიჭი, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს“, – განაცხადეს სუმის პოლიციაში.
თავდასხმის შედეგად დაახლოებით 30 საცხოვრებელი შენობა და ოთხი ავტომობილი დაზიანდა. იერიშის გამო სუმიში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.
მედიის ცნობით, რუსეთმა ასევე დაბომბა ხერსონი, სადაც ოთხი ადამიანია დაშავებული.

23 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად უკრაინაში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათგან ცხრა დედაქალაქ კიევში, განაცხადა ორშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
კიევში დაღუპულთა შორის 11 წლის გოგონა იყო. მანამდე, მაშველებმა დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ მისი დედის ცხედარი ამოიყვანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის არმიამ უკრაინაში მდებარე სამიზნეების მიმართულებით 352 დრონი, 11 ბალისტიკური რაკეტა და 5 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ 339 დრონი და 15 რაკეტა ჩაჭრეს, სანამ ისინი სამიზნეებს მიაღწევდნენ.
კიევის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი შენობები, ბიზნეს ცენტრი და მეტროსადგური, ასევე დაინგრა სასტუმროს შენობა, რომელშიც სამედიცინო დაწესებულება იყო განთავსებული.

ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ ალიანსის ლიდერები ახალ თავდაცვით საინვესტიციო გეგმას დაამტკიცებენ, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს 5%-მდე ითვალისწინებს.

„ჩვენ ვხვდებით ნამდვილად ისტორიულ მომენტში, ჩვენი უსაფრთხოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი და მზარდი გამოწვევების ფონზე. მსოფლიო უფრო საშიში ხდება და ამის გთავლისწინებით, მოკავშირე ლიდერები მიიღებენ თამამ გადაწყვეტილებებს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ნატო უფრო ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური ალიანსი გახადონ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

თავდაცვის ხარჯებთან ერთად, ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინის მხარდაჭერა იქნება. სამიტზე ჩავა უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ღონსიძიების ფარგლებში დაგემილი აქვს ორმხივი შეხვედრები. ასევე დაგეგმილია ნატო-ს, ევროკავშირის და უკრიანის ლიდერების შეხვედრა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას ჰქონდეს, რაც სჭირდება თავდაცვისთვის დღეს და შეკავებისთვის მომავალში. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია და შენარჩუნდება“, – განაცხადა რუტემ.
ასევე სამიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ინდო-წყნარი ოკეანეს რეგიონის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან.

ნატო-სსამიტი 24-25 ივნისს გაიმართება.

“რუსეთი, შესაძლოა, სიმტკიცის გამოსაცდელად, ნატო-ს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაესხას თავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გვჯერა, რომ 2030 წლიდან პუტინს შეიძლება, მნიშვნელოვნად დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს. დღეს უკრაინა აკავებს, მას არმიის გაწვრთნის დრო არ აქვს, მაგრამ წინ შესაძლოა, ახალი საფრთხეები იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რუსეთმა თავდასხმა რამდენიმე თვეში განახორციელოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არ ფიქრობს, რომ პუტინი მზად არის“.
ამასთან, ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატო-ს გეგმა 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით და მას „ძალიან ნელი“ უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე გეგმავს ახალ სამხედრო კამპანიებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს სჭირდება პაუზა, სანქციების გაუქმება, გაწვრთნილი ჯარი. 10 წელი ძალიან დიდი დროა. იმ დროისთვის მას ახალი ჯარი ეყოლება“.

ფოტო: nbcnews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g