მომღერალი, ბესო კალანდაძე ბავშვობის წლებსა და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს.
კითხვაზე: „იყო ოცნება, რომელიც არ აგიხდათ და ახლა რომ უკან იხედებით, არის ისეთი მომენტი, რომელსაც გულით ნანობთ“, მომღერალმა უპასუხა:
„ყველა ნორმალურ ადამიანს განვლილ ცხოვრებაში აქვს პერიოდი, რომელსაც ნანობს და არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრება ბევრი აღმართისა და დაღმართისგან შედგება და მეც მაქვს განვლილი პერიოდი, შავი ლაქა, რომელსაც ვნანობ და თუ იმ შავ ლაქას არ გავიხსენებთ, დანარჩენი ჩემი განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. უამრავ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო, შვილები, ოჯახი. დღემდე მაქვს გასვლითი კონცერტები, ვდგავარ სცენაზე, ვმღერი, ხალხის უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ და როგორ ვთქვა არ ვარ ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი…“
კითხვაზე: „შავ ლაქაში, ალბათ, რუსეთში ემიგრაცია იგულისხმეთ და მეუღლესთან დროებითი განშორება, ხომ ასეა?“ – მომღერალმა უპასუხა:
„დიახ, შავი ლაქა იმ ემიგრაციის პერიოდს ეხება, თუმცა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის დახურულია. ჩემთვის მთავარი შვილების კეთილდღეობაა. ისე არ იფიქროთ, თითქოს ჩემი ცხოვრების შავ ლაქას, ხუთი წელი მოსკოვში ცხოვრებას ვგულისხმობ, ეს მხოლოდ პირად ცხოვრებას უკავშირდება და არა შემოქმედებითს. მოსკოვში უამრავი სხვადასხვა ეროვნების მეგობარი შევიძინე. ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ჩემს ცხოვრების გზას, ყველაფერს, იმ შავი ლაქის გარდა, ისევ ისე გავივლიდი თავისი შეცდომებით, წარმატებით, წარუმატებლობით. ისეთი პერიოდიც მქონდა, რომ გადავიღალე სცენაზე დგომით, აღარ მემღერებოდა და საკმაოდ დიდი პაუზა ავიღე…“
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში.
