მსოფლიო პოლიტიკური ყურადღება ცხადია სირიაში მომხდარმა აჯანყებამ მიიპყრო. ასადების ოჯახის ლამის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა დასრულდა. მეამბოხეებმა გაანთავისუფლეს ჯერ მნიშვნელოვანი ქალაქი ალეპო, შემდეგ კი დედაქალაქ დამასკოსკენ გაემართნენ და ბაშარ ასადი იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო.
ძირითადად სწორედ სირიის თემას შეეხო და სამომავლოდ მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
გარდა შუა აღმოსავლეთში მიმდინარე საკითხებისა გადაცემის წამყვანი ასევე შეეხო ევროპაში მიმდინარე პროცესებს: რუმინეთში ჩატარებულ არჩევნებს, მაია სანდუს ბრიუსელში ვიზიტს და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას პარიზში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს ახალარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა.
„ასადი გაიქცა ოჯახთან ერთად მოსკოვში. კონტრაბანდული გზით ხელს გააყოლა 135-დან 175 მილიარდამდე დოლარი. ეს იქნება გარანტია და შესაწირავი, რომ რუსეთში მშვიდად იცხოვროს იმ სახლებში, რომელიც წინასწარ შეიძინა. 40 მილიონად არის შეფასებული მისი 19 ბინა.
ახლა სირიაში ვითარების გაკონტროლების დროა, წესრიგის ხელში აღების დრო. განმათავისუფლებელი შეიარაღებული ძალები პირველი რასაც აკეთებენ, პოულობენ, იჭერენ და სიკვდილით სჯიან ასადის მომხრეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უმძიმეს ტერორში. როგორც ამბობენ, 300 ათასამდე სირიელია მოკლული. ციხეებში წამების მთელი ქსელი შექმნა, 15 ათასი ადამიანი უშუალოდ წამების მსხვერპლია.
ათასობით ბავშვის ასავალ-დასავალი უცნობია, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების ბედ-იღბალი. მაღალი ალბათობით, ისინი დაღუპულები არიან.
ძირითადი დაჯგუფების „ალ-შამის“ ლიდერის ალ-ჯულანის ხელმძღვანელობით პირველი ამოცანაა სისტემის ჩამოშლა, მორღვევა და ციხეების ქსელის დახურვა. ბევრი გამოწვევა აქვს. აკონტროლოს სიტუაცია ადგილზე და შეძლოს გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარება. რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების თავმოყრა, კონსოლიდირება და არჩევნების ჩატარება, რათა სირია დემოკრატის გზას დაადგეს. არ არის ეს მარტივი. ალ-ჯულანის წარსული ასოცირდებოდა „ალ-ქაიდასთან“. მან განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში სხვანაირია ადამიანი, 50 წლის ასაკში იცვლება შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ამ გზითაც ცდილობს წარმოაჩინოს თავი არა როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერმა, არამედ ქვეყნის ლიდერმა, რომელიც წარუძღვება ქვეყანას და შეძლებს მის აღდგენას“.
ვინ რა სარგებელს მიიღებს, ჯერ ადრეა საუბარი. ბევრი ექსპერტი ასკვნის, რომ თურქეთი ისარგებლებს. ისრაელი არ შეჩერდა და თავდაცვის ძალებმა განახორციელეს უმძიმესი და მასშტაბური საჰაერო დარტყმები სირიის შეიარაღებული ძალების ბაზებზე, სადაც აღარ იყო სამხედრო კონტიგენტი დარჩენილი. გოლანის მაღლობები ისრაელის იქნება.
სერიოზული მარცხი იწვნია პუტინმა, რომელსაც მოუწია ხმელთაშუა ზღვიდან გემების გაყვანა. თურქეთთან აქტიური კომუნიკაციით რისი და ვისი გაყვანაც მოასწრეს გაიყვანეს, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ „ვაგნერის“ და სხვა კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები ჯერ კიდევ გაჭედილები არიან სირიის ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ მათი ბედით აღარ დაკავდეს პუტინის რეჟიმი და ისინი გახდნენ მსხვერპლი.
რუსეთმა მნიშვნელოვანი პოზიცია დაკარგა შუა აღმოსავლეთში. ვნახოთ, ამ დანაკარგის სხვაგან კომპენსირებას თუ შეძლებს, მაგრამ ყველა საუბრობს, რომ რუსეთი დასუსტებულია, ირანიც. შევხედოთ თუ გაგრძელდა ეს ჯაჭვური რეაქცია. მოსკოვში უკვე თავს იყრიან გაქცეული ავტოკრატები, იანუკოვიჩი, ასადი და ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?
საინტერესოა, რომ უკრაინის დაზვერვის სპეცდანიშნულების ჯგუფი საქმიანობდა და ეხმარებოდა ამბოხებულებს. ცხადია, თურქეთი იყო ამ ყველაფრის უკან. ის ჩაერთვება რეაბილიტაციის საქმეში და აიღებს კონტროლს, სადაც თვისობრივად სუსტდება ირანის პოზიციები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა აშშ, რომელიც მცირე, მაგრამ ყურადსაღებ კონტიგენს ინარჩუნებს სირიაში, აქტიურად თანამშრომლობაშია ქურთთა დაჯგუფებასთან. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს სირიის შიდა საქმეებში ჩარევა და ჩართვა, თუმცა ანალიტიკოსების სტატიები იწერება სირიის რეკონსტრუქციის საკითხში შესაძლო თანამონაწილეობაზე.
ევროპას კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რამდენად ხისტად უნდა იმოქმედოს. ცალკეულმა ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას წყვეტენ. თურქეთიდანაც დაიძრა დიდი ნაკადი სირიისკენ, ბრუნდება ხალხი სამშობლოში. ევროპის ქვეყნებიდანაც ალბათ ეტაპობრივად, მაგრამ დინამიურად მოუწევთ დაბრუნება.
მიმდინარებს მძიმე მოლაპარაკებები მძევლების განთავისუფლების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, „ჰამასი“ ძალიან სერიოზულად ვაჭრობს და ხისტი პოზიცია დაიკავა. ისრაელმა კონსტრუქციული წინადადებები წარადგინა. ახლა შუამავლებისგან (ეგვიპტე, ერაყი) წნეხი წამოვიდა. პირველადი შეთანხმება შეიძლება შეეხოს 101 მძევალს. თუმცა დადასტურება, რომ ყველა ცოცხალია, არ არსებობს. საუბარია, რომ პირველ ეტაპზე ქალები და 50 წელს ზემოთ მამაკაცები გათავისუფლდნენ. ეს შეიძლება 45-55 ადამიანამდე იყოს. ამის სანაცვლოდ ისრაელი ვალდებულებას იღებს 45-60 დღემდე საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
რუმინეთში მთავრობა შედგა. პროევროპულმა ძალებმა სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით (მემარცხენე ცენტრისტული) შეძლეს შეთანხმება. სხვა სამი ძალა უფრო ცენტრისტულია და ერთობლივად შექმნიან კოალიციურ მთავრობას და არ მისცემენ სამ ულტრანაციონალურ ძალებს ხელისუფლებაში მოვიდნენ.
მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ეწვია ბრიუსელს, სადაც ძალიან თბილად შევხდნენ. მას ჰქონდა შეხვედრები ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელმაც განაცხადა, რომ 100 მლნ ევროს დახმარება გამოეყოფა მოლდოვას. სანდუს შეხვედრები ასევე ჰქონდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და რაც მთავარია ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. მათ ისაუბრეს მომავალი კოორდინაციის, თანამშრომლობის შესაძლო ფორმებზე.
ამასობაში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პარიზში იმყოფებოდა, სადაც ასევე იყო დონალდ ტრამპი. ემანუელ მაკრონის შუამავლობით გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა. ზელენსკის განცხადებით, ერთსულოვნებაა, რომ ომი უნდა დასრულდეს. თუმცა, ცხადია, უკრაინა ვერასდროს ვერ დათანხმდება მისი ტერიტორიების დათმობას და ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის წევრობა რეალურად დაასრულებდა ომს და მომავალში ომის საფრთხეს რუსეთთან. მიწვევაც კი უკვე იქნებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი“.